გურიის მოამბე

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, აბიტურიენტებს შედეგების გაგება როგორც ვებგვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებითაც შეეძლებათ. ამისათვის აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333, რომლის საფასურიც 50 თეთრია.

სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად.

დამატებითი საგამოცდო სესიები 2 აგვისტოს სრულდება. დამატებითი სესიები დაინიშნა იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ შეძლეს გამოცდაზე გასვლა. დამატებითი სესიები ჩატარდა შემდეგ საგნებში – ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, უცხოურ ენებში, ქიმიაში, ფიზიკაში, ზოგად უნარებში, გეოგრაფიაში, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, ბიოლოგიასა და ლიტერატურაში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: