პაპუაშვილის თქმით, თუ ISFED-ი ტექნიკური მთავრობის მოთხოვნას არ გაემიჯნება, სამუშაო ჯგუფში არ მიიწვევენ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რატომ არ მიიწვიეს ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში.

როგორც მან აღნიშნა, მიზეზი ისაა, რომ ISFED-ი ივნისში გამართულ საპროტესტო აქციებში იყო ჩართული, სადაც მთავრობის ცვლილებას და დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას ითხოვდნენ.

პაპუაშვილის თქმით, ორგანიზაცია სამუშაო ჯგუფში ჩართვას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ამ ულტიმატუმს გაემიჯნება.

“გავზარდეთ ეს წარმომადგენლება წინა პრაქტიკასთან შედარებით და ორი ორგანიზაციაა, რომელიც ამავე დროს არის არა ფიქსირებულად სამუშაო ჯგუფის წევრი, არამედ როტაციის პრინციპია და შეუძლიათ ნებისმიერ სხვა ორგანიზაციას პლატფორმიდან მოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა. რაც შეეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც იყვნენ ულტიმატუმის ავტორები და საქართველოს სახელმწიფოს უყენებდნენ ულტიმატუმს, მათ შორის იმ მუქარით, რომ თუ ეს ულტიმატუმი არ შესრულდებოდა, ისინი სახალხო რისხვით და ყველაფრის წალეკვით დაემუქრნენ სახელმწიფოს, აქ მანამ, სანამ მათი პოზიცია არ იქნება ცხადი, ინარჩუნებენ თუ არა ამ ულტიმატუმს, რა თქმა უნდა, სამუშაო ჯგუფების ფორმატში მათი მოწვევა არ არის განზრახული”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share