ტომარ მიულერი, რობერტო კავალი, ჯონ ტერნერი – არ გეგონოთ რომ ახლა მსოფლიო ლეგენდების შესახებ გესაუბრებით. არც გერმანული ფეხბურთის ვარსკვლავის შესახებ გიყვებით ამბავს და არც ამერიკელი როკ-მომღერლის ჰიტებზე. ეს არის ამბავი იმ ხალხის შესახებ, ვინც სხვისი იდენტობა მიისაკუთრა და ახლა “ქართული ოცნების” სამსახურში ყალბი Facebook ექაუნთებით დგანან. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გადასაფარად, ერთ-ერთმა ტროლმა იტალიელი მოდის დიზაინერის სახელი დაირქვა და ახლა პროპაგანდისტული მედიის Facebook-ზე, კავალის სახელით ამტკიცებს, რომ ხალხი ერთი წლის წინ თბილისის ქუჩებში ქიმიური ნივთიერებით არ მოუწამლავთ. ასეთი სულ 45 ტროლია იდენტიფიცირებული.
თაღლითური სქემა “მითების დეტექტორმა” გაშიფრა. შეისწავლეს და დაადგინეს, რომ რომ ბოლო ორ თვეში ყალბი Facebook გვერდების რაოდენობაა და მათი აქტივობები განსაკუთრებთ არის მომატებული. ვინ არის ტროლების ბოსი? – მკვლევარები ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში ყალბი გვერდების უკან ვატო შაქარაშვილისა და გია გაჩეჩილაძის კვალია. ზოგიერთი ტროლი მხოლოდ აკომენტარებს, ზოგიც კონტენტის შექმნით არის დაკავებული და მაგალითად ავრცელებენ ვიდეოს ირაკლი კობახიძის ინტერვიუს ფრაგმენტიდან, რაც აქციის დაშლისას დაზარალებულების შესახებ მის ხუმრობას ასახავს.
45 ყალბი ანგარიშიდან 33 სხვადასხვა სოციალურ ქსელში რეგისტრირებული მომხმარებლების ფოტოებს იყენებს ანუ მარტივად რომ გითხრათ იდენტობას იპარავს, 12 მათგანი კი იდენტობას საერთოდ მალავს. ზოგიერთმა ტროლმა ყალბ Facebook-ზე პირველი ფოტოსურათიც კი გასულ წელს ატვირთა. სხვის იდენტობას ამოფარებული ადამიანები სოციალური ქსელით იტყუებიან, რომ თითქოს ქართული უნივერსიტეტები ან კოლეჯები აქვთ დამთავრებული. ყველა ტროლი იწონებს “ქართული ოცნების” პოსტებს.
ტროლები მას შემდეგ ჩართეს საქმეში რაც BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, ხალხმა ხელისუფლებას მოსთხოვა გაესაჯაროებინათ რა ნივთიერების გამოყენებით მოწამლეს ხალხი ქუჩაში. ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ ისმის. “ოცნებამ” ეს საკითხი გამოძიებულად გამოაცხადა, არადა ის ადამიანები, ვინც გასულ წელს აქციების დროს დაშავდნენ, დღემდე მძიმე სიმპტომებს უმკლავდებიან.








