გურიის მოამბე

ჩოხატაურში კორუფციის ფაქტზე სუსმა შესაძლოა მისი ჩოხატაურელი მაღალჩინოსნის მამაც დააკავოს

ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარე ფეხბურთის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას შპს „თეგიკა უნივერსალის” დირექტორი, ქვეკონტრაქტორი კომპანია შპს „ელმარის” მინდობილი პირისა და შპს „ექსპერტ სერვისის” ექსპერტის დახმარებით, თაღლითურად დაეუფლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის კუთვნილ 19 090 ლარს.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსმა, ემზარ გაგნიძემ, დღეს, ბრიფინგზე განაცხადა.

დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობაში დახმარების, ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე ბრალდება წარედგინათ შპს „ელმარის” წარმომადგენელს, შპს „თეგიკა უნივერსალის” დირექტორს და შპს „ექსპერტ სერვისის” ექსპერტს.

აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტითა და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ, ჩოხატაურის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი, ხიდისთაველი (ამავე სოფლიდან), ბაჩი გოგიბერიძეა, ხოლო ჩოხატაურის სუსის უფროსი მისი შვილი-ლაშა გოგიბერიძე.

ბაჩი გოგიბერიძე, ანუ ჩოხატაურის სუსის უფროსის მამა, ნაწილობრივ, ან ირიბად, პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტში გამხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მით უმეტეს-საკუტარ მშობლიურ სოფელში-ხიდისთავი.

როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარში ხუმრობენ- ბაჩი გოგიბერიძის გარეშე, ხიდისთავიდან, “ჩიტი კურკანტელას ვერ გაიტანსო”.

მოკლედ, გამოდის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლოა, ამ კონკრეტული საქმის გამოძიების პროცესში, მისი მაღალჩინოსნის მამაც დააკავოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights