,,ამ ქვეყნად ცხვირის გატეხასა და შიმშილზე ბევრად უფრო საშინელი რაღაცები არსებობს და ეს კონფორმიზმია“- ამბობს მასწავლებელი დათია ბადალაშვილი.
8 თებერვალს თბილისში გამართულ ფორუმზე – „საქართველოს გულისთვის“, მასწავლებელმა დათია ბადალაშვილმა ისაუბრა.
„ყველა ბრძოლაში ვართ და ყველამ რაღაც დავკარგეთ. მეც დავკარგე რაღაც, დავკარგე ისეთი რაღაც, თითქოს ვიღაცამ გულში რაღაც მომგლიჯა. თუმცა თავს მსხვერპლად არ ვთვლი. მსხვერპლი მაშინ ვიქნებოდი, თუ დავმორჩილებოდი იმ ადამიანებს, რომლებსაც სხვისი მორჩილება ანიჭებთ სიამოვნებას.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ ქვეყანაზე ვოცნებობ და როგორი მინდა იყოს. აი, ამ შეხვედრიდან წასულს, ჩემმა რომელიმე ახლობელმა არ მინდა მომწეროს ან მითხრას, რომ „შეიძლება ამის გამო, ბიბლიოთეკის შემდეგ სკოლაც დაკარგო“. შეიძლება ვიღაც მეგობარმა მითხრას, რომ ქუჩაში დამხვდნენ და მცემონ, აი, ამ არგუმენტებისათვის.
როცა ასეთ რაღაცას მეუბნებიან, ვცდილობ ხოლმე ავხსნა ასეთი რაღაც:
ამ ქვეყნად ცხვირის გატეხასა და შიმშილზე ბევრად უფრო საშინელი რაღაცები არსებობს და ეს კონფორმიზმია. კონფორმიზმია, როცა ხედავ, შენი შვილის, შენი მოსწავლეების ტოლებს როგორ ურტყამენ ქუჩაში. ცხოვრება პატარაა, იმდენად პატარაა, რომ არ იცი ხვალ რა იქნება და არ მინდა ჩემი დარჩენილი ცხოვრება თავის გადარჩენის გამო „ყველაფერზე წასვლაში“ გავატარო.
მინდა ისეთი არჩევნები იყოს ამ ქვეყანაში, სადაც მასწავლებლებს არ აიძულებენ სადმე, ოლქში წასვლას; არ აიძულებენ კონკრეტულ დღესასწაულზე წასვლას, სადაც სამარცხვინოდ რამდენიმე ათეულ ლარს მისცემენ. ეს ადამიანები ის ადამიანები არიან, რომლებმაც ჩვენ გაგვზარდეს, რომლებსაც ეშინიათ და მათი აბსოლუტურად მესმის.
არ მინდა ჩემმა მოსწავლემ მითხრას, რომ რატომ უნდა ისწავლოს, როცა ხედავს წვრილ ჩინოვნიკს, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, თანამდებობაზეა და ზემოდან დასცქერის მას.
არ მინდა ჩემმა მოსწავლეებმა ქურდული ვარსკვლავები დამიხატონ დაფაზე – ასეთი ქვეყანა არ მინდა. იმიტომ, რომ ხედავენ, თუ როგორი სასამართლო გვაქვს.
არ მინდა ჩემს თანასოფლელებს ხმის ამოღების შეეშინდეთ იმის გამო, რომ შეიძლება ვიღაც დახმარების მოხსნის გამო დაემუქრა. არც ის მინდა იმაზე შეეშინდეთ ხმის ამოღების, როგორ იხრჩობიან უწყლობით, როგორ ცვივიან ტალახში, უგზოობის გამო.
მე მიყვარს ჩემი სამშობლო. იმდენად მიყვარს, რომ არ არსებობს საათი ამ ქვეყანაზე ფიქრის გარეშე. ვერ წარმომიდგენია ასეთი რაღაცა – როგორ უნდა ვიყო ბედნიერი, როცა ჩემს მეზობელს ლუკმაპური უჭირს. აი, ასეთია ჩემი სამშობლო და ჩვენ თუ არ ვიბრძოლებთ, დანაკარგი გაცილებით მეტი იქნება.
ეს ბრძოლაა – სანამ იქამდე მივალთ, სანამ არ გავიმარჯვებთ“- თქვა დათია ბადალაშვილმა.
2025 წელს მასწავლებელი დათია ბადალაშვილი იმ ბიბლიოთეკიდან გაათავისუფლეს, რომელიც 2019 წელს თავად შექმნა, შეგროვებული წიგნების მეშვეობით.








