”ყველაზე დიდი გარყვნილება რუსული ნარატივია, მან ქრისტიანობის ოკუპირებაც განიზრახა ”

მამა პეტრე კვარაცხელია სოცქსელში პოსტს აქვეყნებს:

“გავიდა სააღდგომო პერიოდიც. მძიმე და ძალიან რთული ორი თვე…

საკუთარი გამოწვევების და სირთულეების გარდა, ერთი გაუსაძლისი ტკივილის გარშემოც გავერთიანდით, უკრაინა ჯვარივით ვზიდეთ და ბევრი ჩვენგანი გადაბმულად ვათევდით ღამეებს, რამე სანუგეშო გაგვეგო…

გავაანალიზეთ, დავფიქრდით და მივხვდით, რომ რთულია ადამიანს პატარების მოკვლა, გაუპატიურება, წამება, სისხლისღვრა აპატიო…

ამ ომიდან უკრაინა თავიდან დაიბადება, ბევრს გაუძლო და ალბათ, მესტაც გაუძლებს, მაგრამ საოცარი ლუსტრაცია მოხდა…

გამოაშკარავდა ლამაზი ნიღბების მიღმა დაყენებული მრისხანე სახეები…

ყველამ გამოავლინა საკუთარი განზრახვა… აღმოჩნდა, რომ ტერიტორიების ოკუპირებაზე მძიმე, სულის და გონების ოკუპირება ყოფილა…

დიახ, აღმოჩნდა, რომ ბევრს გულზე რკინის ასოებით ჰქონია ამოსვირინგებული ,,საბჭოთა კავშირი”…

ბოროტების, აგრესიის, სიძულვილის, მკვლელობის, ჯოჯოხეთის კავშირი…

ვინც ნორმალური და საღია, ნაკლებად აქვს საზეიმო განწყობა…

ჩვენ რეალობაში გარდაცვლილი მკვდარი პატარები, ქუჩებში მიმოფანტულ სათამაშო თოჯინებს გვანან, ზოგს ფეხი რომ ახლია და ზოგს ხელი…

არადა, სულ რაღაც ორი თვის წინ სიცოცხლე უხაროდათ, გაზაფხულს ელოდნენ, სააღდგომო სამზადისი გაუთბობდათ გულს, მაგრამ ,,მართლმადიდებლობის დამცველი” რუსეთი გარყვნილებას შეერკინა და გზად პატარებიც შემოაკვდა…

ჰო, ყველაზე დიდი გარყვნილება რუსული ნარატივია, მან ქრისტიანობის ოკუპირებაც განიზრახა, მაგრამ ნათლად მჯერა, სიკვდილის დამთრგუნველი იესო, რუსეთისგან დამახინჯებულ რწმენასაც დათრგუნავს და მართლა გულწრფელად შევძახებთ- ,,ქრისტე აღდგა”!..”

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share