ესტონეთის ელჩს ილიაუნიზე გაკეთებული განცხადების გამო, “განმარტება” მოსთხოვეს და უთხრეს, რომ “რეფორმის პოლიტიზება” მიუღებელია.
ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებაში “მოწვეულ იქნა” ესტონეთის ელჩი მარგე მარდისალუ-კაჰარი, “მის მიერ საქართველოს ერთ-ერთ უნივერსიტეტთან მიმართებით სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით”.
“საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან გამართული შეხვედრის დროს ესტონეთის რესპუბლიკის ელჩს ეთხოვა განმარტება იმის თაობაზე, თუ რას ემსახურებოდა მისი ამგვარი ქმედება. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთის ელჩის ამგვარი განცხადება მიმართულია განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის პოლიტიზირებისკენ, რაც მიუღებელია და წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას.
ელჩს განემარტა, რომ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმით დაინტერესების შემთხვევაში ესტონეთის მხარეს შესაძლებლობა აქვს, კონსულტაციები გამართოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, სადაც ამის თაობაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს” – წერია განცხადებაში.
21 თებერვალს ესტონეთის საელჩომ ილიაუნის რექტორთან, ნინო დობორჯინიძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა ტექსტით – “ჩვენ ვდგავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით”.








