აქვს თუ არა კავშირი, ჩოხატაურის ექს გამგებლის, გია ცინცაძის საცხოვრებელ სახლში, ოფიციალური ჩხრეკისას ამოღებულ ავტომატურ იარაღს, ზოტში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობასთან?
ჩოხატაურის ყოფილი გამგებელი (1992-2003 წწ), გია ცინცაძე, მიმდინარე წლის დასაწყისში, მისივე საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, პოლიციამ მალევე დააკავა. ჩხრეკისას გამოძიებამ მის სახლში დიდი ოდენობით სხვადასხვა მარკის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. მეორე დღეს, ცინცაძეს, გამოძიებამ ბრალი წაუყენა და დაკავებულს, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გია ცინცაძის სახლში ჩხრეკა, მიმდინარე წლის 28 იანვარს, გვიან ღამით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა, თითქოსდა იქ, პოლიციელის ცემაში ეჭვმიტანილი და ამჟამად ძებნაში მყოფი პირები იმალებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე, რომელიც იმ მომენტისთვის არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
კერძოდ,უწყების ცნობით, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ სამართალდამცველს, რის შედეგადაც პოლიციელმა დაზიანებები მიიღო სახის არესა და სხეულის სხვადასხვა ნაწილში.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით შარაშიძე დააკავეს. კიდევ ორი პირი კი მიმალვაშია და მათი დაკავების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა ოპერატიულ-სამძებრო სამუშაოები.
ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ გია ცინცაძის დაკავება, რომელიც 70 წელს გადაცილებულია, ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო მიმალვაში მყოფ პირებზე, რათა ეს უკანასკნელები გამოძიებას ჩაბარებულიყვნენ, რა შემთხვევაშიც ცინცაძეს გაათავისუფლებდნენ.
ერთერთი ძებნილი, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მცხოვრები ე.წ. „კანონიერი ქურდის“ შვილი, დაკავებული გამგებლის უახლოესი გარემოცვა იყო და ცინცაძის დაკავებამაც შედეგი მალევე გამოიღო-ძებნილები პოლიციას ჩაბარდნენ… თუმცა – დაკავებული ექს გამგებლის გამოშვება ვერ მოხერხდა.
ჩვენი წყარო, გია ცინცაძესთან საოპროცესო გარიგების შეფერხებისა და მისი გამოშვების გაჭიანურების მიზეზად, მისავე საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ იარაღს ასახელებს.
არაოფიციალური, ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩოხატაურის ყოფილი გამგებლის სახლიდან ამოღებული ერთ ერთი იარაღი, დიდი ალბათობით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში, 2005 წლის 29 აგვისტოს მომხდარ მკვლელობაში „ფიგურირებს“.
ამ დღეს, ადგილობრივი სკოლის მოსწავლე, საკუთარი ძმის დაბადების დღეზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.
საქმე, რომლის დროსაც ოჯახში რამდენიმე ათეული ახალგაზრდა იმყოფებოდა, და ძალიან რეზონანსული იყო, დღემდე გაუხსნელია.
„არ დარჩენილა არცერთი ახალგაზრდა თუ მოზარდი სოფელ ზოტში, რომელიც ჩოხატაურის პოლიციაში არ გადაიყვანეს მომდევნო დღეებში და სასტიკად არ აწამეს, ბევრმა ისეთი ტრამვები მიიღო ცემისგან და ზეწოლისაგან, რომ დღემდე იშუშებენ, თითქმის ყველას თხოვდნენ საკუთარ თავზე აეღოთ მკლვლელობა, მაგრამ, მიუხედავად ასეთი რეპრესიებისა, არცერთი ზოტელი ამაზე არ დათანხმდა. ერთადერთი, რაც გამოძიებისაგან გავიგეთ, იყო ის. რომ მკვლელობა არა წინასწარგანზრახვით, არამედ შემთხვევით მოხდა, ახალგაზრდა, ჰაერში ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. თუმცა ამის იქეთ დღემდე არაფერი ვიცით“ – გვითხრა, მოკლული რ. ქ-ს ნათესავმა, კონფიდენციალური საუბრისას.
დიდი ალბათობით, შესაძლოა, დღეს ეს საქმე გაიხსნას, თუმცა არსებობს ერთი დაბრკოლება-„ქართული ოცნების“ დელეგატი გურიაში, პარლამენტარი, ვასილ ჩიგოგიძე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ღონეს ხმარობს, რომ დაკავებული ცინცაძე, რომელიც მისია ხლობელია, ციხიდან დაიხსნას ნებისმიერ ფასად.
აღსანიშნავია, რომ, ვასილ ჩიგოგიძე 2005 წელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, როგორც ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი.
არანაირი მტკიცებულება, რომ ჩიგოგიძემ გავლენა მოახდინა მაშინ წარმოებულ გამოძიებაზე არ არსებობს, თუმცა, დღეს, მისი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, აჩენს კითხვებს, იყო თუ არა ამ საქმის მიჩქმალვით პარლამენტარი დაინტერესებული 2005 წელს და ასევე არის თუ არა დღესაც, ის, იგივე სიტუაციაში.








