გურიის მოამბე

სურებში ჰესების მშენებლობა დაიწყო – „ცეცხლითა და მახვილით“ შესული „გიორგი შუკაკიძის  ინვესტიცია“

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სურებში, მდინარე სუფსაზე, კომპანია Energy Development Georgia LLC სურები-2 ჰესის მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

კომპანიის ინფორმაციით, ხეობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს გზებისა და ხიდების პროექტირების პროცესი.

ასევე კომპანიამ 15 ათასი ლარი გაიღო, ზემო სურებში, პარკისა და „მეორე სამამულო ომში“ დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაციისათვის.

ასევე კომპანიის ეგიდით, შეიქმნა, ფაქტობრივად, მისი ორი შვილობილი კომპანია, „ზემო სურების განვითარების ფონდი“ და „შუა სურების განვითარების ფონდი“

როგორც „გურიის მოამბეს“ ადგილობრივები გვეუბნებიან, თითოეულ მათგანში, სოფლის კეთილდღეობისათვის- Energy Development Georgia LLC – ყოველწლიურად , შესაბამისად 100 ათას და 50 ათას ლარს გადარიცხავს.

აღსანიშნავია, რომ ორთავე ამ ფონდს ის ადამიანები ხელმძღვანელობენ, ვინც წლების განმავლობაში, ხეობაში მიმდინარე ჰესის მშენებლობის საპროტესტო ტალღის სათავეში იყვნენ-ომარ შათირიშვილი შუა სურები და მარინა ბარამიძე-ზემო სურები.

რამ გამოიწვია ამ ადამიანების პოზიციების ცვლილება, ალბათ გასაგებია, რადგან ამ მიზეზებზე საუბარი არცერთმა არ ისურვა.

ერთი შეხედვით ამაში ცუდი შესაძლოა არაფერი იყოს, მაგრამ საინტერესოა, ის არგუმენტები სად გაქრა, რომელი არგუმენტების მოშველიებითაც ამ ხალხს, მიუღებლად მიაჩნდათ სურებში ჰესების მშენებლობა.

წინააღმდეგობა იმდენად დიდი იყო, რომ სუფსის ხეობის მოსახლეობამ, ორგანიზაციაც კი ჩამოაყალიბა და ინვესტორებს „სურების საორგანიზაციო კომიტეტის“ სახით დაუპირისპირდნენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ, ფაქტობრივად ყველა ის ადამიანი, ვინც არ დათანხმდა ამ ფონდებთან თანამშრომლობას, ანუ ძველ პოზიციაზე დარჩა, გახდნენ ორგანიზებული რეპრესიების მსხვერპლნი, დაექვემდებარნენ რა სასტიკ წამებას, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და საჯარო სიოტყვიერ შეურაცხყოფეფს, რამდენიმე მათგანი კი ადგილობრივმა პოლიციამ, სხვადასხვა ბრალდებით, ერთმანეთის მიყოლებით, უმიზეზოდ დააკავა და დააშინა.

ამის შემდეგ არც არის გასაკვირი, მიუხედავად იმისა, რომ სოფლების, სურების, ზემო სურების, თავსურებისა და ტობახშოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობის მძლავრი წინააღმდეგობისა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა და ხშირად, მძაფრ, ფიზიკური შეხლა შემოხლაში გადაიზრდებოდა ხოლმე.. მოულოდნელად ყველაფერი რატომ შეიცვალა და კომპანიაც მიზნების განხორციელებას, ასე “უპრობლემოდ” როგორ შეუდგა.

საყურადღებოა, რომ პირველ წლებში, როცა კომპანია ხალხისაგან მძლავრ წინააღმდეგობას წააწყდა, მათთან დასაპირისპირებლად, ე.წ. “ქუჩის” წარმომადგენლების გამოყენებას შეეცადა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა პროტესტი, შემდგომ წლებში, კომპანიამ სურებს სასულიერო პირები “შეუსია” -ამანაც არანაირი შედეგი არ გამოიღო, ბოლოს კი სოფელში ადგილობრივი მერი ავიდა და ხალხს, როგორც ადგილობრივები გვეუბნებიან, აუწყა, რომ “ეს ყველაფერი სახელმწიფო ინტერესებში შედის და აქ კერძო კომპანია კია, მაგრამ სინამდვილეში ამის უკან ხელისუფლება დგას” ო.

თავიდან ბევრს ეს გამონათქვამი არარეალურად მოეჩვენა, მაგრამ არ გასულა დიდი ხანი,  კომპანიის “უკან რომ ხელისუფლება იდგა, სურებელები ამაში დარწმუნებულიყვნენ, რადგან საქმეში პოლიცია ჩაერთო და..

მოკლედ, გიორგი შუკაკიძის კომპანია, გურიის ამ მაღალმთიან, ისტორიულ სოფელში, ისე შედის, როგორც შუა საუკუნეებში ქრისტიანობა (ცივილიზაცია) ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში-„ცეცხლითა და მახვილით“.

ამასობაში კი Energy Development Georgia LLC აცხადებს – ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც ეხება საქართველოს მთარობის 2025 წლის 13 ოქტომბრის განკარგულებას ,,ენერგეტიკის დარგში რიგი აუცილებელი ღონისძიენების გატარების შესახებ“, გვინდა, განვაცხადოთ:

მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც ათობით ჰესის პროექტზე განხილვის შეწყვეტას ითვალისწინებს, არ ეხება სურები ჰესი 2-ის პროექტს. ეს განკარგულება შეეხო მხოლოდ იმ პროექტებს, რომლებზეც სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის მემორანდუმი ჯერ არ იყო გაფორმებული. იყო მოლაპარაკებების ეტაპზე.

Energy Development Georgia LLC ადასტურებს, რომ სურები ჰესი 2-ის პროექტის განვითარება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, მზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში, რომელიც მალე დასრულდება და საჯარო განხილვისთვის მზად იქნება.

Energy Development Georgia LLC ადასტურებს: სურები ჰესი 2 აშენდება.

აქ მთავარი მესიჯი, კომპანიის ფარული მუქარაა, მთავრობასთან ყველაფერი გარკვეულია და – „ე მანდ, ღმერთი არავის გაუწყრეს, წინააღმდეგობის განახლებაზე ვინმემ არ იფიქროსო“.

„გურიის მოამბე“ ამ თემაზე მუშაობას გააგრძელებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights