გურიის მოამბე

დღეიდან გურიის ტერიტორიაზე მიმოქცევაში საკუთარი ვალუტა – ოზურგი – შევა

როგორ დატოვა ევროკავშირი ვოზურგეთის საკრებულომ „ხახამშრალი“

დღეიდან გურიაში მიმოქცევაში საკუთარი ვალუტა-ოზურგი შევა.

ამის შესახებ ინფორმაციას, ვოზურგეთის საკრებულო, საკუთარ გვერდზე, განცხადების სახით ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი-ეს გადაწყვეტილება ვოზურგეთის საკრებულოს მიერ, ევროკავშირის მოსალოდნელი სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისა და დიდი ალბათობით, მხარის სვიფტიდან გათიშვის შედეგად მოსალოდნელი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, პრევენციულ ღონისძიებათა ფარგლებში იქნა მიღებული.

საკრებულო ავალდებულებს გურიაში მოქმედ ყველა ობიექტს – მხოლოდ ოზურგით განახორციელონ ფინანსური საქმიანობა-წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღება მკაცრი ზომები ამ განკარგულების დამრღვევი იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ.

ოზურგის მიმოქცევაში  შესვლის პირველ დღეს – საჭამია სერის აუქციონზე – ერთი ოზურგი სამი ბელარუსული რუბლი, 4 იუანი და 13 ირანული რიალი ღირდა.

რაც შეეხება ევროს, დოლარსა და სტერლინგს, მისი ხმარება-ევროკავშირისა და აშშ ს სანქციებისადმი მიღებული კონტრზომების ფარგლებში-გურიის ტერიტორიაზე აიკრძალა.

ვოზურგეთის საკრებულოს, განცხადებით, დიდი წარმატებით ხორციელდება სავალუტო რეზერვების შევსება, მაგალითისათვის, ლიხაურის საცავში, რომელშიც 12 ბეღელი, 14 ნალია და ორი საქათმე შედის,  დასაწყობებულია 12 ტონა სიმინდი, 225 ცალი ხაპი, 1500 ხაპერა და 34 ფრთა ინდაური.

დაცვის სამსახურს გამოეყო ორი ტაიჭი და ჩინეთმა ქვე ყანას საჩუქრად გადმოსცა ბიონიკური ფეხების მქონე რობოტი ცხენები

საკრებულოს გვერდი  ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელთან,  დავით დარჩიასთან, რომელიც პარალელურად – ბიძინას თანაკურსელობისა – ვოზურგეთის საკრებულოს დილექტოლიცაა, აქვეყნებს – საკუთარ პრეს სამსახურისათვის მიცემულ, მოკლე ინტერვიუს, რომელსაც გთავაზობთ სრულად:

 

ბატონო დავით, გილოცავთ, ამ ისტორიულ დღეს, თქვენი გულის ჯიბიდან 137 ოზურგიან კუპიურას მოუჩანს თავი, რა გრძნობააა?

უი, აი დავმალე მეგონა, ქარ დამვიწყებია?! მოკლედ, ბიჭებმა ბევრი იმუშაეს, დღე და ღამე გაასწორეს მიწასთან, თავისთავად ხალხის გულობიზა და ქი დადვენ შედეგი, გელაპარაკები მე შენ, მაი ევროკავშირი დავტიეთ პირში ჩალაგამოვლებული, რომ იტყვიან ხახამშრალი, ბედნიერი ვარ – რეიზა არ უნდა ვიყო?.

ბატონო დავით, რა რეაქცია ქონდა ბატონ ბიძინას, როცა ოზურგის კუპიურები ნახა თქვენი გამოსახულებით?

ახლა მაი კარ ვიცი, არ მილაპარაკია ჯერ, ვფიქრობდით მისი გამოსახულებით გამოგვეშვა, მარა არ ეიღო არაფრის დიდებით ტელეფონი და დიტო სამხარაძემ – მე ვერ გავხდები ატვეჩაიო და.. თავიდან, სულო ცოდვილო არ მინდოდა, მარა, არ ქნეს ბიჭებმა, გინდა თუ არა შენ უნდა იყოვო…

ევროკავშირთან გქონდათ თუ არა კონტაქტი ამის შემდეგ..

იყო ვინცხა კაძახი ჩამოსული, რა ენაზე არ ველაპარაკე, მარა ვერ გავაგებიე ვეფერი, ვერც ინგლისურად, ვერც ფრანგულად, პორტუგალიურიც ვსინჯე, მაგენის ერთი უმფროსი, კოსტა, (ალბათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი-სენიორ ანტონიუ ლუიშ სანტუშ და კოშტა იგულისხმა-რედ:) პორტუგალიელი ხომაა და მისი ნათესავი ყავდა გამოგზანილი, მაგენი სამსახურში ხომ სულ ნათესავებს ნიშნავენ, მარა აფერი… ბოლოს საჩვენებელი თითი მიიტანა საფეთქელთან – გადაატრიალ-გადმოატრიალა და წევიდა,,, ხო, გამახსენდა, დაჟე კოლუმბიც ვუხსენე, რახან პორტუგალიელი იყო, მისიანზე მაინც მიხდება რამეს თქვა..

ბატონო დავით კოლუმბი ხომ გენუიდან იყო-იტალიელი?

რა მნიშვნელობა აქ ქალო მაგას, მაგენი ხომ ყველა, რა ქვია მაგას… თეთა, მეგრელს ჭადის სახელი დაავიწყდაო ისეა.. უი ხო, დიფსთეითია მაგენი ყველა და რას გააგებიებ ქართულს.

 

როგორც ცნობილი ხდება ოზურგის კუპიურებზე დავით დარჩია იქნება გამოსახული, ხოლო ხურდა ფულზე-აბაზი-არჩილ თალაკვაძე.

ამასობაში „გარდიანის“ ცნობით, ვოზურგეთის საკრებულოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამ. ლონდონურ ბირჟებზე სრული პანიკა გამოიწვია, დროებით გადაიდო სოტბის აუქციონიც, პრობლემები აქვს სტერლინგსაც, რის გამოც ბრიტანეთი, (რომელიც დღეიდან ოდენ ბრიტანეთია და არა დიდი ბრიტანეთი) შესაძლოა, თავისი ეკონომიკის გადასარჩენად, ევროკავშირში შებრუნდეს.

(“1 აპრილი”)

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights