გურიის მოამბე

პოლიციამ ძებნილი თამაზ ტრაპაიძე თბილისში დააკავა

ოზურგეთში, რესტორან “ფიროსმანში” მომხდარი დაჭრის ფაქტზე ძებნილი თამაზ ტრაპაიძე დაკავებულია.  ჩვენი ინფორმაციით, 7 მაისს მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორებაში ბრალდებული თბილისში დააკავეს.

დაკავების ფაქტი  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, რესტორან “ფიროსმანში” 28 წლის ბექა პატარავა 7 მაისს დაჭრეს. ახალგაზრდას მუცლის ღრუში შემავალი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. სისხლიანი ანგარიშსწორებიდან მალევე, პოლიციამ  რესტორნის მფლობელი გიორგი გობრონიძე დააკავა.

23 წლის გობრონიძეს, რომელიც წარსულში ორჯერ, ყაჩაღობის და გამოძალვის ბრალდებით არის ნასამართლევი, თან ახლდა ერთი პირი, რომელიც სისხლიან გარჩევაში მონაწილეობდა და ის ამ დრომდე მიმალვაში იყო.

“პირველებს” დაჭრილის ოჯახის წევრები უყვებიან, რომ როცა ბექა პატარავა რესტორნიდან გამოვიდა და მანქანაში ჯდებოდა, მას გიორგი გობრონიძე დაეწია და ჭრილობა სამზარეულო დანით მიაყენა. ამის შემდეგ კი პატარავას ასევე სამზარეულო დანით ჭრილობა მიაყენა გობრონიძის თანმხლებმა პირმაც. ოჯახის წევრების თქმით, პატარავას ამ დროს თან ახლა მისი მეუღლე, ხელში კი 8 თვის ბავშვი ეჭირა.

გიორგი გობრონიძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. როდის იმსჯელებს სასამართლო მეორე დაკავებულის თამაზ ტრაპაიძის აღკვეთის ღონისძიებაზე უცნობია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights