გურიის მოამბე

ეკა გიგაური – რა გააკეთა კობახიძემ დღევანდელი ბრიფინგით:

რა გააკეთა კობახიძემ დღევანდელი ბრიფინგით:
ეკა გიგაური; “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”
1. შექმნა კონკრეტული დღის წესრიგი — მაშინ, როცა ძალიან ბევრი კრიტიკული თემა ტრიალებს, საზოგადოებას ფოკუსი გადაატანინა მისთვის სასურველ მიმართულებაზე.
2. მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა თავისი მთავარი გზავნილი: თითქოს საქართველოს ევროკავშირი ერჩის, საქართველოში კი დემოკრატია აყვავებულია — ყველაფერი და ყველა დაცულია, ხალხი საუკეთესოდ ცხოვრობს, და მხოლოდ ევროპაა „შარზე“, რადგან ამ „უზარმაზარ წარმატებას“ ვერ ხედავს.
3. კვლავ გაიმეორა რუსული პროპაგანდისტული ნარატივი, რომ ევროპა ინგრევა — იქ დესტაბილიზაციაა, ხალხს სცემენ და აპატიმრებენ, ეკონომიკა არასტაბილურია. ადრე გერმანია და შვედეთი იყვნენ „საფრთხის ქვეშ“, ახლა უკვე დანია დაემატა 😂
მოკლედ, გზავნილი მარტივია: დაფიქრდით, რა გირჩევნიათ — ქართული „სტაბილურობა“ თუ ევროპული „სიდუხჭირე და არასტაბილურობა“.
4. ხაზი გაუსვა საკუთარ მნიშვნელობას იმით, რომ წერილი მისწერა ევროპული ინსტიტუტების ლიდერებს. თავადაც ძალიან კარგად იცის, რომ მისი წერილი ევროპაში რეალურად არავის აინტერესებს — შეიძლება არც წაიკითხონ, ან მაქსიმუმ რომელიმე საშუალო რგოლის ოფიცრის დონეზე გაჩერდეს.
ევროპაში ძალიან კარგად იციან, რომ კობახიძე იქნება თუ სხვა გვარის ადამიანი — ეს ხალხი უბრალოდ შემსრულებლებია. სინამდვილეში, ბიძინაც კი ვერ წყვეტს ბევრ საკითხს რუსეთთან შეთანხმების გარეშე. და ის, რომ მის „თოჯინებს“ ხელს ართმევენ, არ ნიშნავს, რომ ვერ ხვდებიან ვინ ვინ არის.
5. გამოიყენა ტრიბუნა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების საკითხზეც. ხაზი გაუსვა ეკლესიასთან თანამშრომლობას, თქვა რომ პარტნიორები არიან და ხაზი გაუსვა, რომ ერთად წყვეტენ ამ საკუთხს. პასუხიმგებლობა იმათზეც გადაიტანა. მაგრამ ასევე გამოთქვა “წუხილი” იმაზე, რომ აქ შესაძლოა „სამედიცინო მაფიის გამდიდრებაზე“ იყოს საუბარი და „ხალხის ფული“ უნდა დაიცვას. თითქოს ამავე დროს „ოცნების“ ჩინოვნიკები ტენდერებით მილიარდებს არ აკეთებდნენ. მაშინ რატომღაც ხალხის ფულზე ნაკლებად ფიქრობს და მაფიოზებზე ხომ საერთოდ🙂
მოკლედ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ბრიფინგი იყო ასე არ არის. მათ აქვთ რამდენიმე გენერალური ხაზი:
1. ევროპამ თავად თქვა საქართველოზე უარი;
2. დაფიქრდით, გვინდა თუ არა ასეთი „არასტაბილური და გარყვნილი“ ევროპა;
3. ჩვენ და საპატრიარქო ერთად ვართ, გვაქვს კონსერვატიული დღის წესრიგი და ვიცავთ ქართულ ტრადიციებს. ვებრძვით კორუფციას აგერ ყოგილი პრემიერიც და მინისტრებიც დავიჭირეთ. წესრიგი გვაქვს ქვეყანაში!
ეს ყველაფერი ძალიან მკაფიოდ ჩანს იმაში, რასაც ამბობენ და რა სიხშირით იმეორებენ. მერე რა, რომ იტყუებიან და საერთოდ არაფერია ქართული იმაში რასაც აკეთებენ. ცხადია არც ეკლესიას სცემენ პატივს და არც მრევლს. მთავარია, რომ მათი ყველა აქცენტი თანმიმდევრულია, რაც ქმნის განცდას, რომ ყველაფერი რაზეც საუბრობენ სიმართლეა. ამას აკეთებენ თავისი მომხრეების გასაგონად, მათი კონსოლიდაციის მიზნით და ქვეყნისთვის რეალურად მნიშვნელოვანი დღის წესრიგიდან ყურადღების გადასატანად.
ცნობისათვის:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს: ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, ევროპული ბიუროკრატიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ცალმხრივად, შეწყდა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან, „რის შემდეგაც არაერთხელ იქნა უარყოფილი ქართული მხარის მიერ შეთავაზებული დისკუსიისა და თანამშრომლობის ფორმატები” და ამგვარი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა იძულებულია მათ ღია წერილით, საჯაროდ მიმართოს.

ამასთან, ღია წერილში ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს მიმართავს კითხვით, როგორ აფასებენ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, „როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს”.

კობახიძის განცხადებით, საქართველო, ევროპული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა მკაფიო პასუხს ელის – „რა გეგმა აქვს ევროკავშირს, რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები გაერთიანების შიგნით და რა იქნება ამ შემაშფოთებელი პროცესების საბოლოო შედეგი”.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა, ქვეყანა, სადაც ადამიანის ღირსება, ჰუმანიზმი, თავისუფლება და ეროვნული თვითმყოფადობა არა დეკლარირებული პრინციპები, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული, სისხლხორცეული ღირებულებებია.

ისტორიულად, კულტურულად და ღირებულებითად, საქართველო ევროპული სივრცის ნაწილია, ამავდროულად კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რომელიც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიისწრაფვის. სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ცალმხრივად, თქვენი ინიციატივით, შეწყდა პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყანასთან, რის შემდეგაც არაერთხელ იქნა უარყოფილი ჩვენს მიერ შეთავაზებული დისკუსიისა და თანამშრომლობის ფორმატები. ამგვარი ვითარების გათვალისწინებით, იძულებულნი ვართ, ღია წერილით, საჯაროდ მოგმართოთ.

არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ფორმალური ინტეგრაციის სურვილით არ არის განპირობებული. ჩვენი ხალხისთვის ევროპა, პირველ რიგში, ღირებულებითი სივრცე, ჩვენი წინაპრების ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც ქრისტიანულ მორალს, თავისუფლებას, თანასწორობას, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება.

ჩვენთვის ევროკავშირი საერთო, ევროპული ცივილიზაციური სივრცეა, გაერთიანება, რომელიც არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას, ევროპელ ლიდერს თუ ევრობიუროკრატს, არამედ ევროპელ, მათ შორის, ქართველ ხალხს ეკუთვნის.

ამ ფონზე, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, გვაქვს კითხვები იმ შემაშფოთებელ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც შუაგულ ევროპაში, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა და რომლებსაც, ვფიქრობთ, არაფერი აქვს საერთო არც ევროპასთან და არც ევროპულ ღირებულებებთან.

ქალბატონო ურსულა, ბატონო ანტონიო, ქალბატონო რობერტა, მოგმართავთ კითხვით თქვენ, როგორც ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს – როგორ აფასებთ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს?

იმ უმძიმესმა კადრებმა, სადაც ვიხილეთ, თუ როგორ საშინლად არბევს პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს, საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად დაანახა შემაშფოთებელი რეალობა – თუკი წლების განმავლობაში ევროპა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, აგრეთვე სხვა ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის ეტალონად მიიჩნეოდა, დღეს სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება საპირისპირო ტენდენცია. არსებული ვითარება აჩენს საფრთხეს, რომ ევროპა შესაძლოა იქცეს არა ამ ღირებულებების დაცვის, არამედ მათი უგულებელყოფისა და უხეში დარღვევის ეტალონად.

საქართველოსთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია, კატეგორიულად მიუღებელია როგორც ის ძალადობა, რომელიც კოპენჰაგენში ვიხილეთ, ისე ის ფაქტი, რომ ევროკავშირი აღარ იცავს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც დაეფუძნა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, თქვენ მიმართ ჩნდება კითხვები, მათ შორის კითხვები იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა ასეთი ძალადობრივი ქმედებები იმ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტებს, რომელთა ერთგულებასაც ევროკავშირი მუდმივად უსვამს ხაზს და რომლისკენაც მსოფლიოს ქვეყნები მიისწრაფოდნენ?

როგორც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, როგორ ფიქრობთ, სად მიჰყავს ევროპა იმ პროცესებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლას, ეკონომიკურ სტაგნაციას, მიგრაციულ კრიზისს, ისტორიული მეხსიერების დაკნინებას, ეროვნული და სქესობრივი იდენტობების შესუსტებას და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის რღვევას უკავშირდება? როგორ აღმოჩნდა ევროპა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის განვითარების, თავისუფლებისა და დემოკრატიის მაგალითად მიიჩნეოდა, ასეთ ღრმა ღირებულებით კრიზისში და ზოგადად, საით მიჰყავს ევროკავშირი ამ გზას?

სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტია, რომ დღეს ევროკავშირი ხშირად უგულებელყოფს საზოგადოების ბუნებრივ, კულტურულ და ისტორიულ საფუძვლებს. ჩნდება განცდა, რომ ევროპული სივრცე თანდათან შორდება იმ პრინციპებს, რომლებმაც ის მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სიმბოლოდ აქცია.

საქართველო, ევროპული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა თქვენგან მკაფიო პასუხს ელის – რა გეგმა აქვს ევროკავშირს, რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები გაერთიანების შიგნით და რა იქნება ამ შემაშფოთებელი პროცესების საბოლოო შედეგი, პროცესებისა, რომლებზეც არა მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების მოსახლეობა თუ პოლიტიკური ლიდერებიც საჯაროდ საუბრობენ?” – ნათქვამია ღია წერილში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights