ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას ამერიკის ელჩი, მისი აღმატებულება კელი დეგნანი დაესწრო

2022 წლის 5 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, მისი აღმატებულება კელი დეგნანი, საქართველო-აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში გურიის რეგიონს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, ის ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მიმართულებით შექმნილ მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო. ამერიკის ელჩი გაეცნო მიმდინარე საკითხებს, მოისმინა პროექტის მენეჯმენტის და ასევე, მრჩეველთა საბჭოს წევრების მოსაზრებები პროექტის შესახებ და დადებითად შეაფასა ის გამოცდილება, რაც მრჩეველთა საბჭოს შექმნით დანერგა კომპანიამ რეგიონში. საბჭოს წევრებმა, რომლებიც წარმოადგენენ გურიის სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ფრთას, გაუზიარეს ელჩს საკუთარი მოსაზრებები და შეხედულებები პროექტის შესახებ, ასევე აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საზოგადოების წევრების ჩართულობა და მხარდაჭერა ისეთი პროექტებისა, რომელთაც პერსპექტივაში მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი სარგებლის მოტანა შეუძლიათ საქართველოს ენერგეტიკული მომავლისთვის.
ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა: „აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტში თავიდანვე დიდი იყო საზოგადოების ჩართულობა. მნიშვნელოვანია, თითოეულ დაინტერესებულ მხარეს ჰქონდეს საშუალება გააჟღეროს და განიხილოს საკუთარი ხედვა და მოსაზრება, ამავდროულად, გააცნობიეროს, თუ რამხელა სარგებლის მოტანა შეუძლია ამ პროექტს მათთვის და მთლიანად საქართველოსთვის“.
ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ამერიკული ინვესტიციაა გურიის რეგიონში. კომპანია სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI ბახვი1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტში 60 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია აქვს განსაზღვრული.
„როცა ვსაუბრობთ ამერიკულ ინვესტიციაზე, აუცილებელია აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ამერიკული ინვესტიცია კომპანიას უქმნის ვალდებულებას, ყველა სამუშაო განხორციელდეს, როგორც ადგილობრივი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე საერთაშორისოდ აღიარებული გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით, როგორიცაა მაგალითად IFC. ეს კი ნიშნავს გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტების საერთაშორისოდ აღიარებული მოთხოვნების შესაბამისად მართვას. როცა ინვესტორი შედის ამათუიმ რეგიონში, მას უშუალოდ სოფლისთვის, სადაც ხორციელდება პროექტი, მოაქვს გამოცდილება, უფრო მეტი ცოდნა და ასევე, დასაქმების შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია სოციალური პროექტები, რომელსაც ახორციელებენ ეს კომპანიები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით“ – განაცხადა მიხეილ ნიბლაძემ, ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დირექტორმა.

ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგური არის მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი, მცირე ჰესის პროექტი, რომელიც ამჟამად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების ეტაპზეა. მისი დადგმული სიმძლავრე არის 10.9 მეგავატი, წლიური გამომუშავება კი შეადგენს 43.1 მილიონ კილოვატსაათს. პროექტის ინვესტორი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგია (CCEH), რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიაა. CCEH-ი საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. მის ინვესტორებს წარმოადგენენ საყოველთაოდ ცნობილი საფინანსო ინსტიტუტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. კომპანიის საქმიანობის მიზანია, განახორციელოს ინვესტირება საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ჰიდრო ელექტრო სადგურების (ჰესების) მშენებლობაში კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის გზით. საინვესტიციო კომპანიას საქართველოში წარმოადგენს მისი აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ნიბლაძე. CCEH-ის გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით ჰიდროენერგეტიკის დარგში, რომელთაც გააჩნიათ გამოცდილება საინვესტიციო, საინჟინრო-ტექნიკური და გარემოსდაცვითი მიმართულებებით. კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის პორტფელი მოიცავს როგორც უკვე ოპერირებად (ლახამი ჰესი, ბახვი 3 ჰესი, ინწობა ჰესი და აჭი ჰესი), ასევე მშენებლობის პროცესში (ახალქალაქი ჰესი) მყოფ პროექტებს. ამასთანავე, გვაქვს ბახვი 1 ჰესის პროექტი რომელიც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების ეტაპზეა და ბახვი 2 ჰესი, რომელიც კვლევის სტადიაზეა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share