გურიის მოამბე

ჰეთ-თრიკით მესიმ რონალდუს რეკორდი დაამხო OPTA-ს საინტერესო ცნობები |

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა  ამერიკულ მუნდიალზე გამოსვლა ძალიან მრისხანედ და შთამბეჭდავად დაიწყო. ლიონელ სკალონის გუნდმა ალჟირს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. და სამივე 38 წლის მესიმ შეაგდო, რომლისთვისაც ეს პირველი ჰეთ ტრიკია მუნდიალებზე.

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებში საიუბილეო, მე-200 მატჩი ჩაატარა. თავდამსხმელის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 120 გოლი და 61 საგოლე პასია. კარიერის განმავლობაში ლეოს ყველა ტურნირში ჯამში 914 გოლი აქვს გატანილი – 672 ბარსელონას მაისურით, 32 – პსჟ-ში, ხოლო 90 – ინტერ მაიამიში.

🟠 მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატზე ითამაშა. 38 წლის არგენტინელის მიღწევა რამდენიმე საათში შესაძლოა 41 წლის კრიშტიანო რონალდომ გაიმეოროს, თუკი პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში კონგოს წინააღმდეგ ითამაშებს.

🟠 ლეო მესიმ გატანა მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონატზე მოახერხა. ერთადერთი მუნდიალი, რომელზეც თავდამსხმელი გოლით ვერ გამოირჩა, 2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული ტურნირი იყო.

🟠 ინტერ მაიამის თავდამსხმელმა მუნდიალებზე თავისი მე-16 გოლი შეაგდო და ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირს, გერმანელ მიროსლავ კლოზე გაუთანაბრდა. ლეომ ბომბარდირთა დავაში გადაასწრო კრიშტიანო რონალდოს (15 გოლი), კილიან მბაპესა და გერდ მიულერს (14-14 გოლი).

🟠 ალბისელესტეს კაპიტანი ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე გოლები 11 სხვადასხვა ნაკრებს გაუტანა. ამ მხრივ მესიმ აჯობა კრიშტიანო რონალდოს, იურგენ კლინსმანსა და მიროსლავ კლოზეს, რომლებსაც მუნდიალებზე თავის გამოჩენა 10 მეტოქესთან მოახერხეს. ლეო მესის ალჟირამდე დამწუხრებული ჰყავდა სერბეთი, მექსიკა, ნიგერია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ირანი, ხორვატია, ავსტრალია, ნიდერლანდები, საფრანგეთი და საუდის არაბეთი.

🟠 მესი გახდა მესამე ყველაზე ასაკიანი ფეხბურთელი, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიტანა. ალჟირთან მატჩის დღეს ის 38 წლის და 357 დღის იყო. უფრო დიდ ასაკში მუნდიალზე გოლით მხოლოდ კამერუნელი როჟე მილა (42 წლის, 39 დღის) და პორტუგალიელი პეპე (39 წლის, 283 დღის) გამოირჩნენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights