მე ვარ ლია კილაძე – ადამიანი, რომელიც მოდის საბჭოთა კავშირიდან.
ახალგაზრდობა ძირითადად საბჭოთა კავშირში გავატარე, ჩემი ბავშვობა და სტუდენტობა სრულად მოიცვა საბჭოთა წლებმა. კი, ბატონო, არ იყო შიმშილი, უბინაობა, თითქოს ყველას რაღაც ჰქონდა… მაშინ იმასაც ვფიქრობდი, რომ ყველაფრის უფლება მქონდა.
მერე, როდესაც იზრდები, მეტ რაღაცას ამჩნევ.
პირველად უსამართლობის განცდა სკოლაში გამიჩნდა. რუსეთის ისტორიას ვსწავლობდით. ვსწავლობდით, რომ XV-XVI საუკუნეებში ჩამოყალიბდა მოსკოვის გაერთიანებული სამეფო და რომანოვებიც იქიდან მოდიან. ძირითადად რუსეთის გარშემო იყო საუბარი. როცა საქართველოს ისტორიის სწავლა დავიწყეთ, აღმოვაჩინე, რომ თურმე საქართველო უძველესი ქვეყანაა, გამორჩეული ისტორიით, რამდენი რამე გვქონია საამაყო და მერვე კლასამდე ისე მოვედით, მთელი ეს წლები ამაზე არავინ გველაპარაკებოდა. სასკოლო საგნებში არ იყო ამაზე ხაზგასმა, მხოლოდ ქართული ენას და ლიტერატურა გვიქმნიდა ეროვნული იდენტობის შესახებ რაღაც წარმოდგენებს და ეს ფუნქცია თავისდაუნებურად ფილოლოგებს და ქართულის მასწავლებლებს ჰქონდათ შეთავსებული.
გარდა იმისა, რომ ეროვნულ იდენტობას არავინ უფრთხილდებოდა, ისიც თვალში მხვდებოდა, რომ ახალ წელს გამოვიდოდნენ კომუნისტური პარტიის თავკაცი და პარტიული ბოსები და აუცილებლად მოსკოვის ტელევიზიით, აუცილებლად რუსულად გვილოცავდნენ ახალ წელს. მიჩნდებოდა შეკითხვა – მხოლოდ რუსულად რატომ? საბჭოთა კავშირი ხომ 15 თანაბარუფლებიანი რესპუბლიკის კავშირი იყო?! კონსტიტუციაშიც ეწერა, რომ ერებს თვითგამორკვევის უფლება ჰქონდათ, მაგრამ ამ უფლებას არავინ აღიარებდა, პირიქით – მიდიოდა რუსიფიკაცია და რუსული ენის ერთადერთ ენად გადაქცევას ცდილობდნენ, რაც, საბედნიეროდ, არ გამოვიდა.
ეს რომ მახსოვს, ამის შემდეგ ჩემთვის ისეთი თვალშისაცემი იყო, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების დროს, ევროკავშირის წარმომადგენლები რომ გამოვიდნენ და თავიანთი ენის გარდა, ქართულადაც რომ მოგვილოცეს სტატუსის მიღება. ეს ხომ ნიშნავდა იმას, რომ მათთვის ღირებულია ქართული ენა?! მთელი საბჭოთა კავშირი მალავდა იმას, რომ ქართული ენა უძველესია და სამი სახეობის დამწერლობა გვაქვს. ამ დროს, ევროკავშირში, ქართული ენის დღეები როცა იყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი ქართული ასოებით მოხატეს.
ეს არის ნამდვილი თანასწორობა, მეზობლობა და მეგობრობა, და არა ის, როცა გინდა, საქართველო უბრალო დასასვენებელ ადგილად, ,,სოლნიჩნაია გრუზიად’’ გადააქციო.
ეს თანასწორობა ნამდვილად არ იყო.
მამა
ძალიან ვფრთხილობ, რა სიტყვა ვთქვა, მაგრამ საბჭოთა კავშირი ისეთი ქვეყანა იყო, ადამიანების უმრავლესობას ქურდებად აქცევდა. იყო ასეთი ტენდენცია, სადაც მუშაობდნენ, იქიდან ყველაფერი მოჰქონდათ, იპარავდნენ. სადღაც აკაკი ბაქრაძესაც უწერია, ადამიანი პურის ქარხანაში თუ მუშაობდა, პური მოჰქონდაო… ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ უკეთესად, კომფორტულად ეცხოვრათ, იმიტომ, რომ ხელფასი არ იყო საკმარისი. თუმცა ბევრი ოჯახი იყო ისეთი, და მათ შორის, ჩემი ოჯახიც, სადაც ძირითადი და ერთადერთი შემოსავალი ხელფასი იყო. ვიღაცები გახდნენ კომბინატორები, გამდიდრდნენ. სხვათა შორის, ის, ვინც ბევრი ფული იშოვა, საბჭოთა საქონელს არ ყიდულობდა, სულ იმისკენ იყო მისწრაფება, რომ თუკი რამე კარგია, ევროპული და უცხოურია და დახლქვეშ უნდა გეყიდა – იყო ვაჭრობის ასეთი მახინჯი ფორმა საბჭოთა კავშირში; ,,სპეკულანტებთან’’ უნდა გერბინა, რომ ნორმალურად ჩაგეცვა, ნორმალური ავეჯი გქონოდა.
ბავშვის ჩამოყალიბებაზე ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება, გავლენას ახდენს. მამაჩემი და დედაჩემი ჩემთვის სამაგალითო ადამიანები იყვნენ და რაც დრო გადის, ვხვდები, რომ მეც მათ ვგავარ. ჩემი მშობლები ყოველთვის მეამაყებოდა – ვთვლიდი, რომ ნიჭიერი, განათლებული და სწორი ღირებულებების ადამიანები იყვნენ.
მამაჩემი განათლებით ისტორიკოსი იყო, სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. ხშირად ყვებოდა, რატომ არ მისცეს უნივერსიტეტში ოქროს მედალი – ისტორიის გამოცდაზე, როცა შეკითხვა დაუსვეს, მან კავკასიის სამხედო გზა ახსენა და იქ უთხრეს, რომ ეს საქართველოს სამხედრო გზაა და არა კავკასიისო. ამ ამბავს კმაყოფილებით იგონებდა, საქართველოს გზა რომ არ ვთქვი, ძალიან დიდ შეცდომად ჩამითვალა, პატრიოტი და კარგი ადამიანი იყოო. მაშინ ისტორიის ფაკულტეტი პარტიის ერთ-ერთი დასაყრდენი და პარტიული მუშაკების სამჭედლო იყო. შემდეგ, წარჩინებული სტუდენტი, ლენინგრადში გააგზავნეს ორწლიან კურსებზე. დამთავრებისთანავე ბათუმის ინსტიტუტში გაანაწილეს პედაგოგად, თუმცა საქართველოში რომ ჩამოვიდა, ადგილი დაკავებული დახვდა. ჩამოვიდა მახარაძეში და ჟურნალისტად მუშაობა დაიწყო, ცხოვრების ბოლომდე ჟურნალისტი იყო. მალევე რედაქტორის მოადგილედ დააწინაურეს და მას მერე იქიდან ფეხი არ მოუცვლია, პარტიული განყოფილება ებარა. არასდროს თავისი პროფესია პირადი კეთილდღეობისთვის არ გამოუყენებია, იყო შემთხვევები, როცა საჩუქრები მოჰქონდათ კოლმეურნეობის თავმჯდომარეებს, განსაკუთრებით ახალი წლის პერიოდში, კაბინეტშიც, სახლთანაც მოდიოდნენ, მაგრამ ყველას უკან უშვებდა. დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა და ყველა ხაზს უსვამდა მის პატიოსნებას. პროფესიულ დაოსტატებაში ეხმარებოდა ადამიანებს, თუკი ვინმე ჟურნალისტიკაში ცდიდა ბედს და მართლა გამორჩეული იყო თავისი საქმიანობით, ყველას ხელს უწყობდა.
მამაჩემი იყო ქართული ფულისთვის ,,ლარის’’ დარქმევის ერთ-ერთი ინიციატორი. ,,ვეფხისტყაოსანი’’ მისი სამაგიდო წიგნი იყო, სულ კითხულობდა. სტუდენტობის დროს მისი უძველესი გამოცემითაც დააჯილდოეს, რომელსაც ნიკო ბერძენიშვილი აწერდა ხელს. ,,ვეფხისტყაოსნის’’ გავლენით, წერდა, რომ სამართლიანი და ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ქართულ ფულს ,,ლარი’’ დაერქმეოდა. მახსოვს, მაშინ უკვე დაუძლურებული იყო, როცა ტელევიზორში გამოცხადდა, ქართულ ფულს ლარი ეწოდაო, სიხარულისგან ტაში შემოჰკრა, მიუხედავად იმისა, რომ ის არავის უხსენებია. თუმცა სიტყვა „ლარი“ ჩემთვის ყოველთვის მამია კილაძის სახელთან ასოცირდება.
წიგნი უყვარდა, ბევრს კითხულობდა, ხშირად ყიდულობდა, საუკეთესო საჩუქრად მიაჩნდა. დედაჩემისთვისაც წიგნი უჩუქებია პირველად, მე დაბადების დღეებს წიგნით და საკუთარი ლექსით მილოცავდა.
როცა სახელმწიფო გაჩუმებას გაიძულებს
მამაჩემს არ უნდოდა, რომ ჟურნალისტიკაზე ჩამებარებინა, ფილოლოგიას მირჩევდა. როდესაც აბიტურიენტი ვიყავი, რეპეტიტორთან დავდიოდი და მანაც მკითხა – რატომ ფიქრობ ჟურნალისტობას, პარტიის რუპორობა გინდაო? ვერ გადამაფიქრებინეს. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირშიც უჩვენებდნენ ისეთ ფილმებს, ჟურნალისტები რომ სიმართლისთვის იბრძვიან, მაგრამ, რეალურად, მსგავსი რამე დაშვებული არ იყო, ეს ხელისუფლების ქცევის კრიტიკად ითვლებოდა.
ოზურგეთში რომ დავბრუნდი, საბჭოთა კავშირი მალევე დაიშალა. ვწერდი კრიტიკას, მაგრამ კრიტიკა და თავისუფალი აზრი რა იყო, არ ვიცოდი, უბრალოდ რაღაც დავინახე, არ მომეწონა და ამაზე საუბარი დავიწყე. იმ პერიოდში ჟურნალისტ ნინო გოგუაძის თაოსნობით ოზურგეთში დაარსდა ჟურნალისტთა პრესკლუბი და იქ უკვე იგრძნობოდა თავისუფლების სიო, ვწერდით მოსახლეობის პრობლემებზეც.
თუ ადამიანი ფიქრობს, რომ სიმართლეს ლაპარაკობს, სამწუხაროდ, იმას ჩვენთან პრობლემები ყოველთვის შეექმნება, სიმართლე ბევრს არ სიამოვნებს. თუნდაც კანონმორჩილება რომ ავიღოთ – არავის უნდა, თავი შეიზღუდოს და კანონი დაიცვას. მახსოვს, 90-იანებში ინტერვიუ მქონდა პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელთან, ვიქტორ გობრონიძესთან, ეს ის დროა, ხალხი რომ გადმოიღებდა ავტომატს და თავიანთი ეზოებიდან ისროდნენ. ინტერვიუ ეხებოდა გაუფორმებელი ავტომატების ჩამორთმევას და ამ კაცმა მითხრა, აღსრულება რომ დავიწყეთ და ერთ-ერთ ოჯახში მივედით, იქ მკითხეს – კაცო, შენ კანონის დამყარებას ჩემი ოჯახიდან იწყებო?! გასაგებია, რომ დროც ისეთი იყო, შეიძლება ვიღაცას თავდაცვისთვის სჭირდებოდა ავტომატი, მაგრამ იარაღის დათმობა არავის მოუნდა. უკვირს ადამიანს, როცა შენ ეუბნები, რომ რაღაც არ შეიძლება. მე ძალიან არ მსიამოვნებს, როდესაც მანქანიდან ნაგავს ყრიან, მაგრამ ხშირად თავს ვიკავებ, რომ მივუთითო, ვინც უთხრა, იქ ისეთი ჩხუბი ატყდა… დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ არცერთი ხელისუფლებით კმაყოფილი არ ვართ და გვაქვს ამის საფუძველი, მაგრამ ეს ხელისუფლებებიც ზუსტად ასეთი მოქალაქეებისგან შედგება.
ჟურნალისტიკაში როცა ვიყავი, ბევრს არ მოსწონდა ჩემი ნაწერები, ასე თუ ისე, მქონდა პრობლემები, მაგრამ მოქალაქეებისგან წამოსულ უკმაყოფილებას ჩემთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მოუტანია, წლების შემდეგ ყველასთან შევრიგდი, რაც არ უნდა სერიოზული წყენა ჰქონოდა. როდესაც ჟურნალისტიკას თავი დავანებე და საჯარო სამსახურში მოვხვდი, რომელსაც სახელწიფო აფინანსებდა, შევეცადე, შედარებით უმტკივნეულო გზა ამერჩია, საკუთარი პოსტების წერა შევწყვიტე და მხოლოდ კრიტიკული სტატუსების გაზიარებით შემოვიფარგლებოდი, თუმცა ხელმძღვანელობისთვის არც ეს აღმოჩნდა უმტკივნეულო, თურმე უფრო ,,ზევითაც’’ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ამაზე მიუთითეს. ბევრად ადვილია, იყო ჟურნალისტი, მუშაობდე და გვერდით გედგეს კოლექტივი, ვიდრე იყო სახელმწიფოს დაფინანსებული ორგანიზაციის თანამშრომელი და ცდილობდე, შენი აზრი თქვა. რაღაც პერიოდი ფეისბუქზე რამის დაწერა მნიშვნელოვნად არც კი მეჩვენებოდა, ვფიქრობდი, რომ რაღაც სხვა, უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადამედგა, მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ ესეც მნიშვნელოვანია – თუ სოციალურ სივრცეში ყველაფერი დითირამბებით იქნება გავსებული, თითქოს ია-ვარდით მოფენილი ცხოვრება გვაქვს, ამ ილუზიაში ყოფნა არასწორია. ხელისუფლებას თმენის ვალდებულება აქვს, მაგრამ სხვას ავალდებულებს დუმილს.
არ მიკვირს, რომ ადამიანი იძულებულია გაჩუმდეს, თუ საჯარო სამსახურში მუშაობს, ოჯახი ჰყავს სარჩენი და ბანკის სესხი აქვს გადასახდელი. ვერც დავამუნათებ, მაგრამ, ჩემი გამოცდილებით, ძალიან მძიმეა, როდესაც საკუთარ თავს ზღუდავ და არ აძლევ საშუალებას, თქვა ის, რაც გაწუხებს.
სამოქალაქო საზოგადოება
სამოქალაქო საზოგადოება ამ ქვეყანაში, განსაკუთებით გურიაში, ჩემს თვალწინ ჩამოყალიბდა. თავიდან NGO-ებს მეც ეჭვის თვალით ვუყურებდი, მაგრამ მერე ეს ეჭვი თანდათან გაქრა. შეხვედრებს ვესწრებოდი და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ყველანაირ სიახლეში ჩართული ვიყავი. უცხოელები ჩამოდიოდნენ, გვისმენდნენ, ყველაფერის გვეკითხებოდნენ, ყველაფერი აინტერესებდათ… ჩვენ ამას არ ვიყავით მიჩვეული, მანამდე კაციშვილს არ უკითხავს, რა გვაწუხებდა. საბჭოთა კავშირში ყველა შეკრება ფორმალური იყო, პარტიული განათლების სკოლებში დავსწრებივარ შეხვედრებს და იქ საინტერესო არაფერი ხდებოდა, არავინ დაინტერესებულა, შენ რა გინდაო, პირიქით, იქიდან გვაწვდიდნენ დირექტივებს.
დავინახე, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ამ სექტორის ჩამოყალიბებას სათავეში ედგნენ, და ოზურგეთის საამაყოდ უნდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი პირველი ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები აქაც შეიქმნა, მართლა მუშაობდნენ უკეთესი გარემოს შესაქმნელად. ეს ჩემთვის ძალიან თვალსაჩინო იყო და მიკვირს, ახლა რომ ვინმეს მათზე აუგის თქმა შეუძლია. უცხო ქვეყნის აგენტები არიანო… გავიცინებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, სასაცილოდ არ გვაქვს საქმე.
ძალიან ბევრი პრობლემა შემიძლია ჩამოვთვალო, რომელიც არასამთავრობო სექტორის დახმარებით თუ არ მოგვარდა, წინ წავიდა. მათი დამსახურებაა, დღეს რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ვსაუბრობთ, რაზეც მანამდე სამოქალაქო ცნობიერება არ გვქონდა. რამდენ სფეროს დაეხმარნენ – თუნდაც მედიის განვითარებას, მედიცინას, განათლებას…
თუმცა ამ ხელისუფლებას უნდა კი, რომ სამოქალაქო ცნობიერება ამაღლდეს? ეს კი არა, იმასაც ვფიქრობ, კარგი განათლების სისტემა თუ სჭირდებათ საერთოდ, რომელიც ინფორმირებულ და სწორი ფასეულობებით აღზრდილ მოქალაქეებს ჩამოაყალიბებს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვხედავ, შვიდი წელი როგორ არემონტებენ სკოლის შენობას, რომელიც ვერაფრით დაასრულეს და ბავშვები სხვადასხვა სკოლაში დარბიან მეორე ცვლაში. ეს არ უნდა იყოს იმ ხელისუფლების ინტერესში, რომელსაც განათლებული თაობა უნდა.
თაობა, რომელმაც კარგიც იცის და ცუდიც, მხოლოდ დიქტატორს არ უნდა.
იმ კანონების მიღება, რომლებითაც ზღუდავენ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფალ სიტყვას, და რაც უნდათ, იმას აკეთებენ, ხელისუფლების სისუსტეა. აბსოლუტურად შეუზღუდავები არიან, მაგრამ ესეც ხომ სისუსტეა, როცა საერთაშორისოდ აღიარებულ ღირებულებებს ეწინააღმდეგები.
ეს სიძლიერე კი არა, ძალმომრეობაა.
სხვა შენს საქმეს ვერ გააკეთებს
სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მიმართულება იცვლება და იცვლება ჩვენი მტრისკენ, საქართველო სცილდება თავის ნამდვილ მეგობრებს და მიდის იქით, სადაც მეგობრობა ნამდვილად არ დახვდება.
დღეს რუსეთისკენ მიმავალ საქართველოს ვხედავ და ეს ძალიან მაწუხებს.
საქართველოს აქვს შანსი, დაუბრუნდეს თავის ისტორიულ ადგილს, თავის სამეგობროს, განვითარდეს, და ამ დროს მძლავრობს ძალა, რომელსაც არ უნდა, რომ ეს მოხდეს. ვერ წარმოვიდგენდი, ასეთი რამე თუ მოხდებოდა.
რატომ მინდა ევროკავშირში და ევროპული ღირებულებებით ცხოვრება? იმიტომ, რომ ვხედავ, იქ ყველაფერი გაცილებით კარგადაა; თუ ჩვენ იქ მოვხვდით, კი არ მიგვაგდებენ, ჩვენს განვითარებაზე იზრუნებენ. საქართველოში ჩემნაირი ადამიანებისა და უმრავლესობის ცხოვრებას ის განსაზღვრავს, თუ როგორი ქვეყანა გვექნება. თუ სამართლიანობა არ იქნება, ჩვენ პირველ რიგში ვიგრძნობთ ამას საკუთარ თავზე, რადგან პირდაპირ ვართ დამოკიდებული ქვეყანაში წესრიგზე.
ჩვენ ყველას გვჭირდება რწმენა, რომ მე თუ მართალი ვარ, სისტემა ჩემკენაა.
არ შეიძლება, საზოგადოება გაჩუმდეს და გულგრილად უყუროს, რაც ხდება. უშენოდ შენი საქმე არ გაკეთდება. ოთარ ჭილაძის წიგნიდან მახსოვს ასეთი ფრაზა: ,,ჩემმა გაკეთებულმა წელი მატკინა და სხვისმა გაკეთებულმა – გულიო”. არ შეიძლება ყურის წაგდება და ლოდინი, რომ სხვა შენ ნაცვლად შენს სასიკეთოდ რაღაცას გააკეთებს. მეც რას ვაკეთებ განსაკუთრებულს, როდესაც ადამიანები ამხელა მსხვერპლს იღებენ – ამდენი ხანი რუსთაველზე დგომა სიცივესა და სიცხეში, წყლის ჭავლი, ცემა, დაკავება… ყველა მებრძოლი ვერ იქნება, შეიძლება ქუჩაში არ იდგე, მაგრამ იმითაც წინ წაიწევს საქმე, სადმე მაინც რომ გამოხატო შენი პოზიცია. შეიძლება პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ, ვფიქრობ, ისიც ქვეყნის ინტერესების დაცვაა, როდესაც მხოლოდ იმაზე არ ზრუნავ, რომ შენს პატარა ეზოში იყოს ყველაფერი კარგად.
ძალიან დიდი გულგატეხილობაა საზოგადოებაში სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ ყველა მიზეზი პოლიტიკურია. ვიძახით – ვინ ავირჩიოთ? ამან მოგვატყუა, იმან გული გაგვიტეხა… როდესაც ვსვამთ კითხვას, ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი ჩვენი აქტიურობით, იმ უფლებებს გამოყენებით, რასაც კანონი გვაძლევს.
მინდა, ჩემსავით რიგით ადამიანებს ვუთხრა: შეიძლება ჩვენ არ ვართ მოწინავე მეომრები, მაგრამ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ. ,,აბა, ვინ? ვის ხედავ სხვას?’’ – ამის კითხვას თავი დავანებოთ და ღირებულებებს დავეყრდნოთ, როდესაც ვინმეს ვირჩევთ. მერე ისიც უნდა შევძლოთ, რომ ჩვენმა არჩეულმა შეასრულოს ის, რასაც დაგვპირდა. თუ ასე არ მოხდება, პირველივე არჩევნებზე უნდა გავუშვათ. სხვა გამოსავალი არ არის.
კი, საბოლოო ჯამში, საბჭოთა კავშირიც დაინგრა, მაგრამ იმ 70 წელს რა ვუყოთ? ადამიანებს, რომლებმაც საშინელი რეპრესიები გამოიარეს…
პროგრესი ნამდვილად გაიმარჯვებს, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ მე მალე მინდა. მინდა, რომ მეც მოვესწრო, ჩემი მეზობლებიც და ახლობლებიც მოესწრონ.
————————————————————————
სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის” – მოამზადა ნინო ურუშაძემ








