კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ ამბებს გურულების განათლების შესახებ.
ზოგიერთ გული მოსდის სულ გურულებისა და განათლებაში მათ მიერ მიღწეულ წარმატებებზე რომ ვწერ. ცივი წყალი დალიეთ – ქვეყანა წყალუხვიანია. ამას იმიტომ ვიმეორებ, რომ მხოლოდ განათლება თუ გადაარჩენს და წამოაყენებს საქართველოს ფეხზე, რადგან წვდიადშია ჩაფლული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი და თავად ეს ვითომ მთავრობა.
დიმიტრი ყიფიანის გადმოცემით, გურიის სამთავროს უკანასკნელმა მთავარმა მამია V გურიელმა (1809-1826) ,,ყმაწვილთა სასწავლებლად გააჩინა ოზურგეთში შკოლაი; ვაჭრობისა და აღებ-მიცემობის გასამხნევებლად ერთს თავის სოფელთაგანში დააწესა მან მარინობა (გარდაცვლილი დედის საპატივსაცემოდ –ი.მ.), რომელზედაც შემდგომ მივიდოდნენ ხალხნი მთელის სამთავროთგან შეხალისებული სხვადასხვა სანახავებითა, რომელსაცა წარმოადგენდნენ ხოლმე მოლდავიისაგან ანუ ვალახიითგან მოწოდებული ფიგლიარები და მეკომედიები. ზნეობითს განსანათლებლად დააწესა მან თავის სახლში საღამოს შესაქცევი შეკრებილება ასამბლეების მსგავსად (ე.ი. ბალისა), გამოიყუანნა ევროპიითგან ბუზიკის მასწავლებელი და ჩვეულებად გააჩინა ევროპული ტანცები. ასე რომ, ძვირად იპოვება ახლა (1840 წელს-ი.მ.) მის დროის თავადი ვინმე ან თავადის ქალი, რომელმაც კარგად არ იცოდეს ევროპული ტანცაობა და ესრეთ მცირედს ჟამში გურია აღვიდა უფრო უმაღლეს განათლების ხარისხზე, ვიდრე სხვანი კავკასიის აქეთ მდებარე თემნი”.
1837 წელს გურიაში მყოფი ოდესის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, პროფესორი ალექსანდრე ფონ ორდმანი წერდა: ,,ამიერკავკასიის ყველა ტომს შორის, რომლებიც მე მოვინახულე, პატარა, მაგრამ მშვენიერი გურიის მცხოვრებლები განათლებულობის უმაღლეს საფეხურზე დგანან”.
თავის დროზე ეგნატე ნინოშვილი წერდა: ,,ამ ბოლო დროს გურიაში სამრევლო სკოლების რიცხვმა ძალიან იმატა; ყოველ საზოგადოებაში, ორი თუ არა, ერთი მაინც არსებობს, ასე რომ მთელ გურიაში სამრევლო სკოლა ამჟამად ოცდახუთამდე ითვლება. ეს რიცხვი, თუ მხედველობაში ვიქონიებთ საერო სკოლებისა და მცხოვრებლების რაოდენობას, წარმოადგენს უტყუარ საბუთს იმისას, თუ რამდენად ძლიერია სწავლა-განათლების სურვილი გურიაში.”