სოფიო ღლონტი-ფარფატა “პეპელა”, სიყვარულზე შეყვარებული გურული პოეტი

გამარჯობა! გახლავართ სოფიო ღლონტი. დავიბადე 1983 წლის 4 თებერვალს. ჩემი ლოტბარი ბაბუის ნოე ბარბაქაძის დაბადების დღეზე, რაც განსაკუთრებულს ხდის ჩემთვის 4 თებერვალს. ვარ გურული მთელი თავისი შუშპარობით.(ტიტუუუ…ხომ წარმოგიდგენიათ)?….მოვჩქეფ, მოვჩქეფ და მეტიც…გადმოვლახე ჯებირები, მოვრაკრაკებ და მოვედინები… ვამართლებ ზოდიაქოსაც — ვარ მეწყული , რომლის სიმბოლოა კაცი, რომელიც დოქიდან ღვრის წყალს. ამავე დროს მეწყული გახლავთ ჰაერის ნიშანი და აქაც ვამართლებ … რამდენადაც ღია, გახსნილი და ხალასი ვარ. – ამავე დროს მეოცნებე , ფარფატა “პეპელა”, იმდენად არაამქვეყნიური, რომ შემშინებია კიდეც არაერთხელ… რადგან ვიცი, რომ ცხოვრება გაცილებით პრაგმატული , ხისტი და დაუნდობელია და ხშირად ვერ გპატიობს ამ სიფარფატეს. ვარ ადამიანი , რომლისთვისაც ასეთი ხასიათი ალბათ ეს პროფესიული ჩვევაცაა, მე ხომ პროფესიით მსახიობი ვარ – ვირგებ წიგნების , რომანების გმირებს, პერსონაჟებს და გარკვეული პერიოდი მათი ჰაერით ვსუნთქავ… პოეზია ჩემი ბუდეა, მყუდრო, ჩიტებისგან მოქსოვილი ბუდე, რომელიც სუსხიანი ამინდებისგან შეციებულს შემიფარებს ხოლმე და გამათბობს… მიყვარს სიყვარული , ვეტრფი იდეალებს და დავტირი წუთისოფლის ამაოებას. ესაა ჩემი პოეზიაც, ძიება და აღმოჩენა… – იმედი მაქვს, ამ ფრენა-ფრენით დავლაშქრავ პარნასსაც, რომელიც ასეთი მშვენიერია და მისტიური…

ლექსები:

მიშველეთ, გამიღეთ სასწრაფოდ კარები,

მე მგონი, აქ ვახშმობს ამ ღამით უფალი,

მე ახლა უმწეო, მას შევეფარები,

ამ ქვეყნის ხიბლისგან სულ თავისუფალი.

აჰა, მეც, უფალო, შენს ფერხთით ვემხობი,

რომ ცრემლით დაგილბო ეგ წმინდა ფეხები,

რა სიმშვიდეა, დიდება შენ ღმერთო,

როდესაც შენს წმინდა სამოსელს ვეხები…

განმბანე ცოდვები, ცოდვილი გულისთქმა,

გაფანტე ფიქრები „მორწმუნე“ მეზვერის,

ხომ ხედავ ცრემლები გადმომდის გულიდან,

დაალბო, დაფარა გზები და მესერი.

მსურს შევიყვარო, რაც შენთვის წმინდაა,

აქ უნდა გავფანტო ცოდვილი წარსულიც,

მე მინდა გითხრა, რომ მე შენთან მინდა და

ჩემში მოვაკვდინო ეშმა და ავსული…

მიშველეთ, გამიღეთ სასწრაფოდ კარები,

მე მგონი აქ ვახშმობს ამ ღამით უფალი,

მე ახლა უმწეო მას შევეფარები,

ამ ქვეყნის ხიბლისგან სულ თავისუფალი…

*

შემომადნა ზამთრისაგან ნასესხები თოვლი,

დაიგრგვინა გაზაფხულის ნაწამებმა ელვამ,

ახლა მინდა, რომ შევიგრძნო დასაბამი ყოვლის,

ახლა მინდა გადამედოს ტალღებისგან ღელვა..

შემოფრინდეს ჩემს სარკმელში მოღუღუნე მტრედი,

ანტიკური საოცრება შევიმეცნო მითად,

არ ვირწმუნო დაწერილი ბედისწერა,

ბედის უხმაურო ხმაურისგან რომ ავაწყო რითმა…

შემომადნა გაზაფხულის ანაცრემლი თრთვილი,

მომენატრა გარიჟრაჟის სიოს ნაზი თრთოლა, ა

მ შეუცნობ საწუთროში შუქ-ჩრდილებით ვივლი,

სანამ ქვეყნად ავბედითი აღსასრული მოვა…

*

დაობლებულა სახლი,

ეზო-კარი და ოდა,

უნაფეხურო თოვლზე

ფიფქიც ფრთხილობს და კრთება,

სიოც არ იძვრის ახლა,

უწინ რომ ქარად ჰქროდა,

მზეც ესვენება სოფლის,

თანდათან ნება- ნება,

საკვამურიდან ღადარს ,

ღაფავს, ამოსდის სული,

იქვე, მეზობლის ძაღლი

ისევ აგრძელებს წკავწკავს,

მისტირის თავის პატრონს,

რომელიც ცხოვრობს ქალაქს

და მოლოდინით დაღლილ

მიწას ქექავს და კაწრავს…

დაობლებულა სახლი,

ეზო, კარი და ოდა,

ჰაერიც გაჟღენთილა

სურნელით მარტოობის,

ხავსმოდებული სახლი,

თითქოს იღიმის ოდნავ

ვერშესამჩნევი ცრემლით

და კაეშანით ობლის…

დაუმეგობრდა სევდა,

მაინც მედიდურ კოლხეთს,

წარბაზიდული უმზერს,

მთვლემარე სოფლის შარას,

იქნებ დაბრუნდეს კაცი,

იქნებ დაბრუნდეს კაცი,

იქნებ დაბრუნდეს კაცი

იქნებ დაბრუნდეს ჩქარა!…

სოფიო ღლონტი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share