თბილისსა და კიდევ 10 ქალაქში: გორი, ზუგდიდი, ბათუმი, თელავი, მარნეული, ქობულეთი, ქუთაისი, რუსთავი, ახალციხე, ხარაგაული – ათასი მშობლის მარში იმართება.
ეს არის ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო.
10 თებერვალს ქობულეთში 14 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის ცნობით, გოგო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინიზე ოჯახის წევრებიც ძალადობდნენ – სცემდნენ მას. დაკავებულია გოგოს ბაბუა. გოგოს თვითმკვლელობის შემდეგ დააკავეს 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალად წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა ედება.
აქციის მონაწილეები ითხოვენ:
შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
გაზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა;
დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.