ჰუმანური პედაგოგიკის დამფუძნებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ძალიან ბევრი მშობლისთვის საინტერესო და გასათვალისწინებელ ისტორიებსა თუ რჩევებს გვიზიარებს ხოლმე. “ამონაშვილის აკადემიის” მიერ გამოქვეყნებულ ლაივ ჩართვაში ის მშობლების შეკითხვებს პასუხობს. მათ ნაწილს აინტერესებს, თუ ბავშვს ოჯახში კეთილგანწყობილი გარემო აქვს, სიკეთითაა გაზრდილი, გარეთ ხომ აუცილებლად შეხვდება ბოროტებას და ამ დროს ხომ არ დამარცხდება? შალვა ამონაშვილი პასუხობს:
– თეორიულად დავუშვათ, რომ ბავშვი მოხვდა ცუდ გარემოში, სადაც ბევრი ბოროტებაა. შეიძლება ფეხი წამოკრას, გული ეტკინოს, იმედები გაუცრუვდეს და სხვა ამგვარი. აქედან გამოვიტანოთ დასკვნა, რომ მას ჩვენ ეს
უკვე ოჯახში უნდა ვუჩვენოთ? ღალატი და ორპირობა უნდა დავანახოთ? ძალადობა და უხეშობა უნდა ვუჩვენოთ, რომ მერე ჩვენმა შვილმა გაუძლოს ბაზარსაც, ქუჩასაც და უცხო გარემოსაც? იცით რა არის ჩვენი აღმზრდელობითი ამოცანა? მივცეთ ბავშვს ყველაფერი საუკეთესო. ნათქვამია: “ჩაიდინე სიკეთე და მოხდეს, რაც მოხდებაო”. ჩვენ უნდა მივცეთ ბავშვს ყველაფერი საუკეთესო: სუფთა სიყვარული, დანდობა, გულწრფელი შენდობა. ყველაფერი უნდა მივცეთ, რაც შეიძლება დახვეწილი. ნდობაც, ერთგულებაც, თავდადებაც უნდა ვუჩვენოთ. თუ ამას მივცემთ, ეს ისეთი სიძლიერეა, რომ ასეთი სულის ადამიანი ყველაფერს გაუძლებს. რა გგონიათ, ბოროტი უფრო გაუძლებს ბოროტებას? ვერა, სიკეთე უფრო დიდი გამძლეა, მაგრამ ჩვენ მას ხშირად არ ვენდობით. დღესაც ვნახე ფილმი, სადაც გოგონა მე-8 კლასში მიიყვანეს. მაგრამ, იქ ვიღაც გოგონას ხელთ
აქვს ჩაგდებული მთელი კლასი და მბრძანებლობს. ამ ბავშვს უთხრეს, მუხლებზე დადექიო. გოგონას მეორე დღეს სკოლაში წასვლა აღარ სურდა. დედა უხსნის: “შვილო, იქ ბევრი ბოროტებაა, მაგრამ ეცადე, სიყვარულით გაიმარჯვო”. მეორე დღისთვის საკუთარ გამომცხვარ ნამცხვრებს გაატანს. მიდის ეს ბავშვი და უზიარებს სხვებს. ისინი ეუბნებიან, დედაშენმა შეიძლება რაღაც ჩაგვიყარა და იმიტომ გამოგვიგზავნა, რომ დაგვწამლოსო. მაგრამ, კლასში აღმოჩნდა 1-2 ბავშვი, რომლებმაც სიამოვნებით მიირთვეს და იმ ბავშვს, რომელიც კლასს ხელმძღვანელობდა, ატირებულს, საკუთარ თავში გაუბედურებულს, თურმე მეგობრობა აკლია. ეს გოგონა თავისი სიყვარულით დაუდგა მას მეგობრად. “რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია.” ამ სიბრძნეს რომ გავყვეთ, გაცილებით უკეთესი იქნება. ყველა ქართველი რომ შეიკრას და ყველაფერი, რაც მტრობისგან ინგრევა, სიყვარულით აშენოს, ხომ კარგი იქნება? მე ასეთ ქვეყანაზე ვოცნებობ და არა იმაზე, რომ 40 პარტია იყოს, ყველა ერთმანეთს ეძგერებოდეს. ამიტომ, დიახ, ბავშვს მოუხდება რაღაც სიძნელეებთან შეხვედრა, მაგრამ ის ცხოვრებისეული გამოცდილება მას კიდევ უფრო გაამაგრებს სულიერად. თქვენ გააყოლეთ სულის საზრდო და მან ეს საზრდო ცხოვრების პირობების შესაბამისად გამოიყენოს. ამიტომ, “მე, როგორც დედა, აუცილებლად უნდა ვცემდე შვილს, ვაითუ ვიღაცამ სცემოს და როგორ მიიღებს ამას? დავამციროთ სახლში და როცა მასწავლებელი გალანძღავს, უფრო გაუძლებს”, – მსგავსი კითხვები აღარ გაგვიჩნდეს. ოჯახი სუფთა უნდა გვქონდეს ყველაფრით, გულით, სულითაც და განცდებითაც.