სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდის სპეცოპერაციას გამოეხმაურა და პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას მიმართა, ერთი – “დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია” და ორი – “ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები”.
“მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას.
ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები.” – წერია პრეზიდენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, სპეცოპერაცია ზუგდიდში მთელი დღეა მიმდინარეობს, მძევლად კვლავაც რჩება 16 ადამიანი.