კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეხვედრა დღეს დასრულდა.
რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ხათუნა სამნიძემ თქვა, რომ მოლაპარაკებები ხვალ, 18 მარტს გაგრძელდება.
“დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და რთული საუბარი”. – თქვა მან.
სამნიძისვე თქმით, განხილულ იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის 6-ვე პუნქტზე, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების საკითხზე.
თუმცა, როგორც სამნიძე ამბობს, შეთანხმება მიღწეულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც იქნება თანხმობა 6-ვე საკითხთან დაკავშირებით.
შეხვედრა დროზე ადრე დატოვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.
მიზეზად მან დაასახელა ის, რომ რიგგარეშე არჩევნების თარიღი და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი რიგით პირველ თემებად არ განიხილება.
ოპოზიცია და ხელისუფლება გაერთიანებულ ფორმატში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს ამ წუთებშიც ხვდება.
დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს.
დანიელსონამდე კი საქართველოში თავად შარლ მიშელი იმყოფებოდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი.