“შენდება ერთი მეორეს ნგრევის ხარჯზე” – ბუნებისდამცველები აკაკი წითლიძის კომპანიას წიაღის ვანდალურად მოპოვებაში და გზებისა და ხიდების მწყობრიდან გამოყვანაში ადანაშაულებს
“გზებს დედა არ ჰყავს და დაზიანება სილაურის ხიდმაც დაიწყო. მდინარე სუფსა კიდე ერთ დღეს ყველა ჩადენილ ვანდალიზმზე პასუხს გაგვცემს” წერს გარემოსდამცველი ირმა გორდელაძე საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე.
სოციალურ ქსელ “ფეისბუკის” გვერდი “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები” კი ფოტომასალას აქვეყნებს და წერს თუ რა დღეში მოაქცია ოზურგეთი ლანჩხუთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალი მდინარე სუფსის სილაურის მონაკვეთზე ვანდალურად მოპოვებული ინერტული მასალის გადაზიდვის პროცესმა:
“სილაურის კარიერიდან გამომავალი ტვირთით წელგათრეული სატვირთოების შედეგი.
დღეში დაახლოებით 130 სატვირთო საცოდავი მდინარე სუფსიდან ღორღს ეზიდება შეკვეთილი-გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობისთვის.
საკითხავია ამ გზებს ავტობანის მშენებელი კომპანია დააგებს ხელახლა, გზების დეპარტამენტი თუ ოზურგეთის მერია?
შენდება ერთი მეორეს ნგრევის ხარჯზე. მდინარეს რომ დედა არ ჰყავს ეს კიდევ უმწვავესი საკითხია. ვანდალურად წიაღის მოპოვებას წიაღის ეროვნული სააგენტოც და გარემოს დაცვის დეპარტამენტიც თვალს უხუჭავს.
თითქმის ერთ წელზე მეტია ზემძიმე სატვირთოების ასაწონი ორი სასწორის თანხა დევს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, განსაზღვრულია სასწორების ტიპი და შეთანხმებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. არ იქნა და სასწორების შეძენა არ მოხერხდა.
ამ დღეებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს კვლავ მივწერეთ წერილი არიან თუ არა მზად სასწორების შეძენის შემთხვევაში აწონონ სატვირთოები და იმოქმედონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციებით გადაჭარბებული ტვირთის გადაზიდვების შემთხვევაში.
იმედია პასუხს მალე მივიღებთ.
გზები იავარქმნილია, სილაურის ხიდის დაზიანებაც დაიწყო. ასევე დაზიანებულია გზები მეზობელი მინიციპალიტეტებიდან შემომავალი ზემძიმე სატვირთოების შედეგად.
P.S.სანამ ხიდიც დაგრეულა დროული ქმედებაა საჭირო” ნათქვამია “გადავარჩინოთ გურიის მდინარეები”ს “ფეისბუკ” გვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.