“ერთი სიკვდილი ჩამომჯდარიყო და მეორე თურმე გზად მოდიოდა… ყველა დამუნჯდა, გლოვობს ლანჩხუთი”

ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარის, ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატის ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე მაკა სახურია, რომელსაც  დიდი ოჯახური ტრაგედია შარშან დაატყდა თავს, მეუღლე გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ლანჩხუთელი ექიმის, ნანა ცინცაძის და მისი შვილის თორნიკე ორაგველიძის, დაღუპვის ამბავს ეხმაურება და წერს:

“სიკვდილი ჩამოსახლდა დედამიწაზე და კოშმარად აქცია ჩვენი ყოფა… ცრემლი არ შრება და გული გვეწურება საყვარელი ადამიანების დაკარგვით… დღეს ლანჩხუთში მიწას მივაბარეთ ნანა ცინცაძე, ქალი-სიკეთე, ქალი-ღირსება, ზეადამიანური მშვენიერებისა და სიყვარულის განსახიერება… ვგლოვობდით ნანას უდროოდ წასვლას, მის სამოთხესავით ლამაზ, გაწკრიალებულ სახლ-კარში ერთი სიკვდილი ჩამომჯდარიყო და მეორე თურმე გზად მოდიოდა… ნანას მეუღლე ლაზარე ბიბლიურ ლაზარესავით კეთილშობილი და დიდებული კაცია, მის კაცობას, გულუხვობას, თანადგომისა და მსახურების უნარს კიდეგანი არ ჰქონდა… ლაზარე ავადმყოფობს და იმედი მაქვს დაძლევს ამ სენს… თორნიკე… ნანას და ლაზარეს შვილი… კეთილი ნერგი ამ საოცარი ოჯახისა… კალმით ნახატი, ნიჭიერი, გულიანი, გონიერი ბიჭი, 26 წლის თორნიკე დღეს გეგუთის კოლონიაში სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებს, როცა ეტყვიან, რომ მისი ახალგაზრდა დედიკო გარდაიცვალა… ნანა დაკრძალეს და ნინიკოს, ნანას ქალიშვილს დაურეკეს, რომ… ყველა დამუნჯდა… ლანჩხუთი გლოვობს თავის საყვარელ შვილებს, საოცარ დედა-შვილს… და რატომ იყო საპყრობილეში ამ გამორჩეული ოჯახის შვილი? ეს შორი, გრძელი და სევდიანი ამბავია… თოკოს ლამაზმა სიყრმის მეგობარმა, ეკუნა კვაჭაძემ დაუწერა გერმანიიდან, ვიცი, რომ ასე არ გინდოდაო… თორნიკეს ხანმოკლე ცხოვრება მაგალითია იმისა, რომ უბედურება ზოგჯერ იქ დაიბუდებს, სადაც საღი ნიადაგია, სადაც სიკეთე და ცხელი გულია… ჩვენო ძე შეცდომილი, დედიკოს და მამიკოს გულის იარავ, დაიკოს ტკივილო, რა მამაცი ბიჭი ყოფილხარ, ასე როგორ მოიახლოვე სიკვდილი?.. გგონია შენს შეცდომებს სიკვდილით გამოისყიდდი, თოკო? ჩვენ შენ გვჭირდებოდი, ყველა შეცოდება გასწორდებოდა, რადგან ადამისა და ევას ცოდვილი ბუნება ყველას გვებრძვის, ყველას გვასუსტებს… თოკო, მე მახსოვხარ ლანჩხუთის თეატრის სცენაზე, რაკრაკა ხმით რომ მღეროდი ქართულ ხალხურ სიმღერებს, საკრავებს რომ აკვნესებდი გულიანად და ყველა შემოგციცინებდით, გვწყუროდა შენი მოსმენა… ანთებული იდექი და უფლის ანგელოზივით გალობდი… ან როგორ მღეროდი “შავლეგოს”… შენ საქართველოს რჩეული შვილი უნდა ყოფილიყავი… მჯერა, რომ გადატანილი ტკივილისთვის შენდობას მიიღებ, თოკო, ქერუბიმები აგიტაცებენ ზეცად და დედიკოს მიუხვალ… ღმერთო, რა დარდს დაატარებდა შენზე ნანა? ჩაგიკრავს შენი თბილი და მზრუნველი დედიკო, თორნიკე ორაგველიძე, კარგო ბიჭო, საყვარელო ადამიანო, ძე შეცდომილო, მკვდრეთით ვერაღდგენილო… დაგიამოს ტკივილიანი სული უფალმა, შეგინდოს ყველაფერი და სულთა სირაში მშვიდად გამყოფოს შენს ლამაზ დედიკოსთან ერთად… 31 მარტი აქამდე მიყვარდა, რეფერენდუმისა და ზვიადის დაბადების დღეს აღვნიშნავდით ხოლმე… აწი არ მეყვარება შენი და ნანას წილი 31 მარტი…. ამ დღეს ნანა მიწას მივაბარეთ, შენ კი ახლა შეუდექი ზეციურ საზვერეებს… ვლოცულობ შენთვის, თოკუნა, საყვარელო ბიჭო, დაგტირი ცხელი ცრემლებით… დაიფარე შენი ლამაზი და ჭკვიანი დაიკოს ახლადშექმნილი ოჯახი, დაე, გამრავლდნენ და გაძლიერდნენ ნინო და დიტო შენი და ნანას ხსოვნის სატარებლად… ძალიან მიყვარხარ, თოკუნა, ძალიან, სულ მენატრებოდი, მე და ბიძინა სულ შენზე ვსაუბრობდით და გესაუბრებოდით შორიდან… ბიძინაც მოგეგებება, არ დაგტოვებს უყურადღებოდ, შვილივით უყვარდი და დარდობდა შენზე…”- წერს სახურია.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share