ზურაბ ჯაფარიძემ ევროპარლამენტარის ის განცხადება შეაფასა, სადაც ის მოუწოდებს ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობას შეუერთდნენ, შედეგად კი ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ოპოზიციას პარლამენტიდან მუშაობის უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდეთ. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მას არ სჯერა, რომ ევროპარლამენტარების დახმარების შედეგად დემოკრატიისკენ წავა ქვეყანა. „ არ მჯერა, რომ დაგვეხმარებიან და წავალთ დემოკრატიისკენ. მე მჯერა, რომ თუ ამ ბრძოლას წავაგებთ, ჩვენ წავალთ თურქმენეთისკენ. ეჭვი მაქვს, რომ ვერ დაგვეხმარებიან, ამას ვხედავ მათ შორის, ამ მოლაპარაკებების დროს. ისინი ამ სიტუაციას უყურებენ ისე, თითქოს, აქ საუბარი იყოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაზე, სადაც პატარ-პატარა პრობლემები შეიძლება იყოს დემოკრატიაში, ვითომ დემოკრატიული ინსტიტუტებით შეიძლება სიტუაცია გამოსწორდეს. ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ. ხალხი აქ უნდა მოვიდეს აზრზე, აქ უნდა გამოფხიზლდეს, ხალხმა უნდა დაანახოს ძალა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს და შემდეგ მაგ მეგობრებს. მაგ მეგობრების მიდგომებიც შეიცვლება, ამის მჯერა მე. სხვა რამის მე არ მჯერა. თუ ჩვენ „ჩმორების“ მდგომარეობაში ვიქნებით, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ვართ და რითიც ივანიშვილი სარგებლობს, ვერანაირ ვიოლა ფონ კრამონი ვერ გვიშველის, არ მჯერა“,-აცხადებს ჯაფარიძე.