„საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ პარლამენტი დღეს კიდევ უფრო ძლიერია და უფრო მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ფლობს ზედამხედველობის კუთხით – მეათე მოწვევის პარლამენტი ზედამხედველობის მანდატის განხორციელებაში აქტიურია და ეს უფრო მეტად გაიზრდება შემდეგ პერიოდში. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს სულ უფრო მეტად იყენებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარმოდგენილი ორი ოპოზიციური პარტია. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ამ მექანიზმების სრულფასოვნად გამოყენებას სჭირდება ოპოზიციის ის წარმომადგენლობა, რომელიც საზოგადოებამ აირჩია.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა იმისთვის, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას, ეს გახლავთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთაც, რასაც ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც აჩვენებს და ეს გახლავთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ცალსახა მოწოდება, რჩევა და პოზიციაც. პარლამენტის გარეთ ჩვენი პარტნიორები და ჩვენი საზოგადოება არ უჭერს მხარს პოლიტიკას, არ უჭერს მხარს დესტაბილიზაციას და მე ვფიქრობ, ეს სიგნალი და ეს მოწოდება უნდა აღმოჩნდეს სახელმძღვანელო დანარჩენი პოლიტიკური პარტიებისთვის ოპოზიციის შიგნით“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებას კრისტიან დანიელსონის მოდერაციით მიმდინარე დიალოგზე დასმულ ყველა საკითხთან მიმართებაში პრინციპული მზადყოფნა ჰქონდა. არჩილ თალაკვაძემ დიალოგის პოზიტიურად დასრულებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია საკუთარ დამოკიდებულებას გადახედავს.
„ იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ პასუხებს და დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს და გადააფასებს გარკვეულ ნაწილში, ვინაიდან, საზოგადოებრივი აზრის კვლევები უკვე სახეზეა, სადაც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და ბევრად უფრო დიდი ნაწილი, არ უჭერს მხარს ბოიკოტს, არ უჭერს მხარს მონაწილეობაზე უარის თქმას და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაშიც უკვე სახეზეა ის საჭიროებები, რასაც პოლიტიკურმა სისტემამ უნდა უპასუხოს – ეს არის ეკონომიკის აღდგენის საჭიროება, სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საჭიროება, პანდემიის და ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად მართვა და ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგის განუხრელად განხორციელება, რაშიც მთელი პოლიტიკური სისტემის როლი გახლავთ მნიშვნელოვანი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.