“ქართული ოცნება” ოზურგეთის მერის პოსტზე დავით დარჩიასა და ავთანდილ თალაკვაძის კანდიდატურებს განიხილავს

სახელისუფლებო პარტიამ  მოახლოებული (მომავალ შემოდგომაზე) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადების კუთხით გარკვეული სამუშაოები უკვე დაიწყო.

როგორც “გურიის მოამბესათვის” გახდა ცნობილი “ოცნების” კანდიდატი ოზურგეთის მერის პოსტზე მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი, დავით დარჩია იქნება.

დარჩიასთან ერთად, როგორც ოზურგეთის საკრებულოს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ასევე განიხილება, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმა – ავთანდილ თალაკვაძე.

       

ავთანდილ თალაკვაძე,  2015 წლიდან 2020 წლამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი იყო.

რაც შეეხება მოქმედ მერს, კონსტანტინე შარაშენიძეს, მისი წინააღმდეგი, გავრცელებული ინფორმაციით,  გურიის მაჟორიტარი ვასილ ჩიგოგიძეა, როგორც ამბობენ, ამ უკანასკნელს გურიაში ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და შესაბამისად ტენდერებზე კონტროლის დამყარება სურს (არჩევნებზე კრედიტი ავიღეო), დავით დარჩიას კანდიდატურა კი ამ მხრივ მის ფინანსურ გეგმებთან სრულ თანხვედრაშია.

დიდი ალბათობით მოქმედი მერი კვლავაც დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

რაც შეეხება სახელისუფლებო შტოებიდან კიდევ ერთ სერიოზულ მოთამაშეს ადგილზე, მერაბ ჭანუყვაძეს, მასთან მიმართებაში, ხელისუფლების წრეებიდან გამოსული ინფორმაციით “ოცნება” უკვე ჩამოყალიბდა და მის თბილისში, ე.წ. “დამსახურებულ პენსიაზე” გაშვებას გეგმავს.

თუ ჭანუყვაძე ამ შეთავაზებას არ დათანხმდა, მისი სახით კიდევ ერთი დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი გაჩნდება.

ამ სიტუაციაში დარჩიასათვის, ანაც თალაკვაძისათვის სპეცსამსახურებთან გზის გაკვლევა ვასილ ჩიგოგიძეს მოუწევს და საინტერესოა შეძლებს თუ არა ის ისეთივე წარმატებით შარაშენიძისა და ჭანუყვაძის განეიტრალებას, როგორც ეს გურიის ყოფილი გუბერნატორის, ზურაბ ნასარაიას გაგდებით გააკეთა, ამ გზაზე კი ფრიად სახიფათო რელიგიური დაპირისპირება გამოიყენა.

“გურიის მოამბის” მიერ ჩატარებული ყველა კვლევით, გამოკითხვებითა და ინტერვიუებით დგინდება, რომ ბუკნარის მოვლენების უკან გურიის მაჟორიტარი, ვასილ ჩიგოგიძე იდგა და ის ორთავე მხარეს დაპირისპირებისათვის ამზადებდა, როგორც მოგვიანებით გაირკვა მისი მიზანი გურიის გუბერნატორის შეცვლა იყო.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share