ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრის, არმაზ ახვლედიანის თქმით, ის მზად არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ოპოზიციასა და ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების ახალ დოკუმენტს ხელი მოაწეროს.
“მე მხარს ვუჭერ დოკუმენტს. მიმაჩნია, უპირველესად პოლიტპატიმრები უნდა იყვნენ გარეთ, დაუყოვნებლივ და ამასთანავე ქართული ოცნების პასუხისმგებლობის ფორმატით ყველა ოპოზიციურმა ძალამ და ცალკეულმა ოპოზიციონერებმა მხარი დაუჭირონ საქართველოში სამართლიანი პოლიტიკური პროცესის დაწყებას. ჩემი ხელმოწერა იქნება მაშინვე, როცა მე დოკუმენტთან მივალ. მზად ვარ ხელმოწერისთვის. პარლამენტში შესვლას რაც შეეხება, ჩემთვის არის პრინციპულზე პრინციპული საკითხი, რომ ორი მძევალი ქართული ოცნების იყოს გარეთ. ეს არის ამ დოკუმენტში და ამიტომ გესაუბრებით ასე თამამად. უბრალო უნდა განხორციელდეს. ვიცი ბევრი ნათქვამი, რომელი ვერ განხორციელდა, ამიტომ სიტყვას თუ საქმე არ მოჰყვა, არაფერი არ გამოვა. ქართული ოცნების ნებაზეა დამოკიდებული, დოკუმენტი დარჩება ფარატინა ფურცელი, თუ გახდება გადარჩენის საწინდარი”. – თქვა ახვლედიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შეთანხმების ახალი დოკუმენტი შესთავაზა. დოკუმენტი ოპოზიციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში აშშ-სა და EU-ს ელჩებთან შეხვედრისას წარედგინა, რომელზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები არ მივიდნენ.