„საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. ეს იყო შეთანხმების ნაწილი. მელიას დღესვე შეუძლია დატოვოს ციხე,“ – ამის შესახებ დღეს, 20 აპრილს, თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ცნობისთვის: მიშელის ახალი დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტში საუბარი პოლიტპატიმრებზეა.
კალაძის თქმით, მელიამ გირაო უნდა გადაიხადოს.
„მან უნდა გადაიხადოს გირაო და გირაოს გადახდის შემთხვევაში, დღესვე გამოვა გარეთ. რაც შეეხება რურუას, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გააკეთა განმარტებები და ჩვენი მხრიდანაც იყო განცხადებები”, – თქვა კალაძემ.
ამასთან, კალაძე პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას მიესალმება.
„ყოველთვის მივესალმებოდი და მოვუწოდებდი ყველას, შეთანხმება შემდგარიყო. კომპრომისები, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი პოლიტიკაში და ძალიან მიხარია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა შეთანხმება”, – აღნიშნა კალაძემ.