“ლელოს” მოწადინება, რომ მელიას გამოსვლის მესამე კარი გამოიგონოს, წინააღმდეგობაშია იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად “ლელომ”მოაწერა ხელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მგურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ “ლელო” ბრიუსელში მართავს შეხვედრებს, სადაც მელიასთვის თავდებად ევროპარლამენტარების დადგომის საკითხს განიხილავს.
მისივე თქმით, მელიას ბოლოდროინდელ კომენტარებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მასზე გადატეხეს ჯოხი, ის გულგატეხილია და მიხვდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან გამოყენებულია.
„ამ შემთხვევაში, ნიკა მელია დილემის წინაშე დააყენეს – გამოვა ვაია, არ გამოვა – ვუია. რაც შეეხება “ლელოს” მოწადინებას, რომ მისი გამოსვლის მესამე კარი გამოიგონოს, ეს წინააღმდეგობაშია იმ პოლიტიკურ შეთანხმებასთან, რომელსაც თავად “ლელომ” ხელი მოაწერა. საქართველოში ამერიკის ელჩისა და ევროპარლამენტარების კომენტარები ვნახეთ, რომ ქვეყანა ვერ გადაყვება მელიას გადაწყვეტილებას, გამოვა თუ არა ციხიდან. ნიკა მელიას საკითხი აბსოლუტურად არ არის პრიორიტეტული არა მხოლოდ ქართული საზოგადოებისთვის, არამედ საერთაშორისო პარტნიორებისთვის იმ დონეზე, თუ თავად არ მიიღებს გადაწყვეტილებას,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.