26 აპრილს კომპანია Apple-მა ოპერაციული სისტემა iOS-ის განახლება გამოუშვა, რომელსაც Facebook-ი და სხვა კომპანიები თვეების განმავლობაში საჯაროდ და საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებდნენ.
ექსპერტთა ნაწილი ამ განახლებას კომპანიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანს უწოდებს.
iOS 14.5-ის განახლება ბევრ ახალ ფუნქციას მოიცავს, თუმცა მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი აპლიკაციების მიერ თვალთვალის უფლებას ეხება.
როგორც წესი, მობილური აპლიკაციების ძირითადი შემოსავლის წყარო პერსონალიზებული რეკლამებია.
სისტემა სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომრის საშუალებით აკვირდება მომხმარებლის ქცევას, მის გემოვნებას, ინტერესებს და ბრაუზერის ძებნის ისტორიასაც კი. ამ ინფორმაციის საშუალებით სარეკლამო კომპანიები ქმნიან ისეთ რეკლამებს, რომლებიც ზუსტად ერგება მომხმარებლის ინტერესებს.
Facebook, Twitter, Instagram, YouTube, Amazon და სხვა პლატფორმები კი მსგავსი ტიპის პერსონალიზებული რეკლამების განთავსების საშუალებით იღებენ შემოსავალს.
Apple-ის უახლესი ფუნქცია კი აპლიკაციის ჩართვამდე მომხმარებელს შემდეგი არჩევანის წინაშე აყენებს: მიეცეს თუ არა აპლიკაციას თვალთვალის უფლება.
მომხმარებელს ახლა უკვე შეუძლია აირჩიოს ართვალთვალის ფუნქცია და აღნიშნული აპლიკაცია მის პირად ინფორმაციასთან წვდომას ვეღარ მიიღებს, ანუ პერსონალიზებული რეკლამის ამ მომხმარებლისთვის ჩვენება შეუძლებელი ან გაცილებით რთული გახდება.
ექსპერტების ვარაუდით, iPhone-ის მომხმარებლების უმრავლესობა, მაღალი ალბათობით, სწორედ ამ ფუნქციას აირჩევს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ისეთი ბიზნესის შემოსავალს, რომელიც პირდაპირ რეკლამის გაყიდვაზეა დამოკიდებული.
Facebook-ი იმ კომპანიებს შორისაა, რომლის ბიზნეს მოდელიც თითქმის მთლიანად პერსონალიზებული რეკლამების განთავსებაზეა დამოკიდებული. აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის თქმით, iOS-ის განახლება არა მომხმარებლების უფლებების დასაცავადაა შექმნილი, არამედ კომპანია Apple-ის დომინანტი პოზიციის გასაძლიერებლად.
ცუკერბერგის აზრით, Apple-ის კონფიდენციალურობის ახალი პოლიტიკა ფარისევლურია და ის ყველაზე მეტად მცირე ბიზნესსა და ვებდეველოპერებს დააზარალებს.
Facebook-ის შეფასებით, ამ განახლებით ყველაზე დიდ მოგებას თავად Apple-ი და მისი აპლიკაციები მიიღებს, რადგან ეს ფუნქცია კონკურენტების შესაზღუდადაა შექმნილი და ის ორმაგ სტანდარტებს აწესებს, რადგან გამჭვირვალობის პოლიტიკა Apple-ის აპლიკაციებს არ შეეხება.
Apple-ის წარმომადგენლების განმარტებით, კომპანიისთვის პრიორიტეტულია პირადი ინფორმაციის დაცვა და მომხმარებლისთვის არჩევანის მიცემის საშუალება.
განახლებას მომხმარებლებს მხრიდან საკმაოდ პოზიტიური რეაქცია და შეფასებები მოჰყვა. ექსპერტების თქმით, Apple-ის ახალი სტანდარტი სხვა კომპანიებს, მათ შორის Google-საც იძულებულს გახდის, რომ მეტი რესურსები დაუთმონ მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დაცვას.
შეგახსენებთ, რომ Apple-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევისა და ანტიკონკურენტული ქმედების გამო არაერთი სასამართლო სარჩელია შეტანილი, მათ შორის Facebook-ის მიერაც.
“ტაბულა”