ნატალია ილიჩოვა, პროფესიით კარტოგრაფი, 66 წლის; ივერი მელაშვილი, მიწათმომწყობი – 62 წლის
ხანდაზმული მოხელეები, რომელთა კეთილსინდისიერებაში აქამდე ჯერ ეჭვი არავის შეუტანია და დამსახურებული პენსიისა და მშვიდი სიბერისთვის ემზადებოდნენ, თავის ცხოვრებაში ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, რომ ერთხელაც აქ აღმოჩნდებოდნენ – სასამართლო დარბაზში, ნაფიც მსაჯულად კი არა, ბრალდებულად და თან სხვა რამეში კი არა, იმაში, რასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნეს.
რუკებზე მილიმეტრობით, უდაბნოში ნაბიჯ-ნაბიჯ ზომეს და 25 წელი არ დათმეს.
ნატალია ილიჩოვას, ერთადერთი შვილი ემიგრაციაში ჰყავს. ივერი მელაშვილს კი სასამართლო დარბაზში ახლობლების დასწრება მცირედით მაინც ანუგეშებდა.
თამარ სულაძესა და ივერი მელაშვილს ცოტა ხნის წინ ქორწინების 30 წელი შეუსრულდათ მაგრამ დღესასწაული არ გამოვიდა, ჯერ ივერის მამის გარდაცვალების გამო. და რას იფიქრებდნენ, თუ მამის დაკრძალვიდან ორ კვირაში არანაკლებ თავზარდამცემი სიახლე ელოდებოდათ
აგვისტოში ივერი მელაშვილს პროკურორმა სამსახურში მიაკითხა. ჰკითხეს – უპასუხა. იფიქრა, ყველაფერი ამით დამთავრდებოდა, მაგრამ ორიოდე დღეში სახლის კარზე მიუკაკუნეს, შეხედეს ჭურჭლისა დ თეთრეული კარადებიც, შემდეგ მანქანა გაჩხრიკეს, ბოლოს კაბინეტი სამსახურში.
იმ დღიდან ივერ მელაშვილმა საჯარო მოხელეებისთვის სავალდებულო პრესცენტრებისთვის მიცემული დუმილის აღთქმა დაარღვია.
ამასობაში უკვე თამარიც გარკვეული იყო რას ედავებოდნენ მის მეუღლეს და კიდევ უფრო ვერ გაერკვია, რა შეეძლო გამოცდილ მიწათმომწყობს იმაზე მეტი, რასაც 25 წელი ეცადა.
ყველაზე უარესი, რასაც 7 ოქტომბერს ივერ მელაშვილი ელოდა სამსახურიდან მისი გათავისუფლება იყო, მაგრამ თამარს ტელეფონით შეატყობინა, რომ დააპატიმრეს.
თამარმა იზოლატორში წნევის მარეგულირებელი წამლები შეაგზავნა, იქიდან კი პატარა ამანათი გადმოსცეს. დაპატიმრებისთანავე ბრალდებულს პატრიარქის მიერ ნაჩუქარი ჯვარი ჩამოხსნეს.
ფაქტი კი 7 ტომიან საქმეშია დაცული – მელაშვილისა და ილიჩოვას განზრახ, ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებას სასულიერო პირები ემოწმებიან.
იყო დრო, როცა ივერი მელაშვილი კირიონის მცდელობას, საქართველო შუა საუკუნეების საზღვრებში აღედგინა, ბერის სანუკვარ სურვილებს მიაწერდა, არაფერს მეტს.
როგორც კი ხმა ამოიღო, ივერი მელაშვილი დააპატიმრეს.
ივერი მელაშვილი საზღვრის დემილიტაცია-დემარკაციის კომისიაში შექმნის დღიდან მუშაობდა. თითქმის 25 წელი ის ექსპერტთა ჯგუფს უსასყიდლოდ ხელმძღვანელობდა.
თამარი “ხრუშჩოვკის” იპოთეკით დატვირთვას აპირებდა, მეუღლის გირაოთი გამოსახსნელად.
მელაშვილმა დახმარებაზე უარი თქვა. უფრო მეტიც, მან უარი თქვა, სასამართლოსთვის გათავისუფლების სანაცვლოდ გირაო შეეთავაზებინა . სავარაუდოდ, მისი შეუვალი პრინციპულობა იყო მიზეზი, რომლის გამოც მელაშვილის კომისიაში ყოფნა არც აზერბაიჯანულ მხარეს უნდოდა.
პროკურატურა ექსპერტებს ადანაშაულებს, თითქოს ისინი წლების განმავლობაში შეგნებულად იგნორირებდნენ რელევანტურ დოკუმენტაციას და ამით ქვეყანა 3500 ჰექტარის დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენეს.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ექსპერტები მალავდნენ რუკას, რომელიც ვითომდა საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს და მისი დედანი ნატალია ილიჩოვას სამუშაო ოთახში აღმოაჩინეს.
ყველასთვის ცხადია, ორი ხანდაზმული მეცნიერის ბრალდების საქმე „თავად მეცნიერის“ პოლიტიკური ტრიუკია.
ტრიუკაჩი „თავად მეცნიერი“ არამხოლოდ ადამიანებით მანიპულირებს. პოლიტიკური ბრძოლის მოსაგებად ის მზად არის ქვეყნით, მისი სულიერი, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით გარისკოს.
ექსპერტების მტკიცებით, 30- იანების რუკით, რომელითაც ვითომდა რამეს ვიბრუნებთ, სინამდვილეში მთავარს ვკარგავთ.
გარეჯის საქმე პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ყველა, ვინც გამოძიებას თვალს ადევნებს, სჯერა, რომ ექსპერტები პოლიტიკური თამაშს მსხვერპლად შესწირეს და ყველა ელის, რომ ეს თამაში მალე დასრულდება, ყველაზე გვიან 31 ოქტომბერს.
უბრალოდ ერთი დეტალია. ამ თამაშ-თამაშში 62 წლის მიწათმომწყობსა და 66 წლის კარტოგრაფს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით ედებათ, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს პატიმრობას 10-დან 15 წლამდე