საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Deutsche Welle-ს რუსულ სამსახურთან მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მისი აზრით, წელს საქართველოში ხელისუფლება ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება და 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება ხსნის საკითხს რეფერენდუმის შესახებ.
“ვფიქრობ, საქართველოში წელს მთავრობა ნებისმიერ შემთხვევაში შეიცვლება. მათ [ოცნებამ] არჩევნები მოიპარეს, მაგრამ შემდეგ ევროპელები ჩაერივნენ. შეთანხმება, რომლამდეც მივიდნენ, სრულყოფილი არაა, მაგრამ ხსნის საკითხს მთავრობის ცვლილების რეფერენდუმის შესახებ, ამ წლის შემოდგომაზე. ამიტომ, მე და ჩემი პოლიტიკური ძალა მოვემზადებით, ბოლომდე განვაგრძობთ წინსვლას, არ ვაპირებთ, მათ ქვეყნის განადგურების უფლება მივცეთ”. – თქვა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა.
ასევე, მიხეილ სააკაშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა იმ შესაძლებლობის შესახებ, რომ მას საქართველოში ისე მოქცეოდნენ, როგორც რუსეთში ნავალნის, რაზეც ექსპრეზიდენტმა უპასუხა, რომ მას გიჟური მხარდაჭერა აქვს და საქართველოში ხალხი უფრო მობილიზებულია, ვიდრე რუსეთში.
“რუსეთისგან განსხავებით, ქართველი ხალხი საკმაოდ მობილიზებულია და მე გიჟური მხარდაჭერა მაქვს. ნავალნის გმირად ვთვლი, მაგრამ მას გარკვეული მიზეზების გამო, მსგავსი მხარდაჭერა არ აქვს. დროთა განმავლობაში ის მას [მხარდაჭერას] შეიძენს, თუ ცოცხალი გადარჩება”. – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.