საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ (TI) ქართული პოლიტიკური პარტიების 2020 წლის დაფინანსების საკითხები შეისწავლა. არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად, პარტიების მიერ როგორც ჯამურად მიღებული შემოსავლების, ისე გაწეული ხარჯების თითქმის ნახევარი მმართველ პარტია — ქართული ოცნებაზე მოდიოდა, რაც პარტიებს შორის ფინანსების უკიდურესად არათანაბარ გადანაწილებაზე მიუთითებს.
“მიუხედავად ამისა, სხვა წლებთან შედარებით, ფინანსური უთანასწორობა შედარებით შემცირდა, რაც 2020 წელს რამდენიმე ფინანსურად ძლიერი ახალი პოლიტიკური პარტიის გამოჩენამ განაპირობა”, — აცხადებენ ორგანიზაციაში.
პარტიების მიერ მიღებული შემოსავლები, TI-ს მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა:
- 2020 წელს კვლევის ფარგლებში შესწავლილმა 8 პოლიტიკურმა სუბიექტმა მთლიანობაში 60 221 705 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო, რომლის თითქმის ნახევარი (48,4%) — 29 166 087 ლარი მმართველ პარტიაზე ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო მოდიოდა. 8 037 276 ლარით მეორე ადგილზე ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო, ხოლო მესამეზე — ლელო საქართველოსთვის 8 036 077 ლარით;
- პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 77% (46 586 370 ლარი) კერძო შემოწირულებებზე მოდიოდა, 19% (11 314 940 ლარი) — სახელმწიფო დაფინანსებაზე, 4% კი — სხვა ტიპის შემოსავალზე, მათ შორის, კომერციული ბანკიდან მიღებულ სესხზე;
- სახელმწიფო დაფინანსების ყველაზე დიდი ნაწილი — 4 222 546 ლარი (მთლიანი სახელმწიფო დაფინანსების 42%) — მმართველმა პარტიამ ქართული ოცნებამ მიიღო, მეორეზე ბლოკ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში გაერთიანებული პარტიები იყვნენ (2 121 660 ლარი), ხოლო მესამეზე — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი (1 959 750 ლარი);
- რვა პოლიტიკურმა სუბიექტმა ჯამში 46 586 370 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, აქედან დაახლოებით ნახევარი — 23 881 521 ლარი მმართველ პარტიაზე ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველო მოდიოდა, 7 975 594 ლარით მეორე ადგილზე იყო ლელო, ხოლო მესამეზე 5 740 011 ლარით საარჩევნო ბლოკში ენმ შემავალი პარტიები იყვნენ. 2020 წელს მმართველი პარტიის წილი ჯამურ შემოწირულებებში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, შემცირდა. კერძოდ, 2016 წელს პარტიების მიერ მიღებული 28 მილიონზე მეტი ჯამური შემოწირულებიდან 68% ქართულ ოცნებაზე მოდიოდა. 2019 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო, რადგან მმართველმა პარტიამ მთლიანი შემოწირულებების 84% მიიღო;
- პარტიების მიერ მიღებული ჯამური შემოწირულებების 97% ფიზიკური პირების მიერ განხორციელდა, 3% კი — იურიდიული პირების მიერ. ქართული პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა დაახლოებით 37%-ს იმაზე მეტი ჰქონდა შეწირული, ვიდრე საშუალო წლიური ნომინალური ხელფასი იყო საქართველოში. ასეთ შემომწირველებზე ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულების დაახლოებით 83% მოდის, რაც მათ მსხვილ დონორებზე დამოკიდებულებაზე მიუთითებს;
- მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს დაახლოებით 158 მლნ ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს და ამ შემომწირველებმა იგივე პერიოდში 1,6 მლნ ლარი გაიღეს ქართული ოცნებას სასარგებლოდ.
“აღსანიშნავია შპს გ & კ ტექნოლოგი, რომელმაც წლის განმავლობაში 17,2 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი თებერვალში ქართულ ოცნებას 60 000 ლარი შესწირა. მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი შპს ელ ჯორჯიას შემთხვევაშიც. 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კომპანიის მფლობელმა, ტარიელ გიორგაძემ და დირექტორმა, დიმიტრი კუპატაძემ მმართველ პარტიას მთლიანობაში 101 000 ლარი შესწირეს”, — აღნიშნავენ TI-ში.
ორგანიზაციის ცნობით, იმავე წლის სექტემბერ-დეკემბერში შპს ელ ჯორჯიამ ჯამში 26,4 მლნ ღირებულების ოთხი მსხვილი ტენდერი მოიგო.
“მოგებული ტენდერებისა და განხორციელებული შემოწირულებების თარიღები ერთმანეთთან, ასევე, საკმაოდ ახლოს იყო შპს ცეკურის, შპს გრავიტას და შპს ჯი-თი ჯგუფის შემთხვევებში. კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია შპს ლ.და.კ, რომელმაც 2020 წელს 33,9 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელებმა მმართველი პარტიის ყულაბაში 22,000 ლარი შეიტანეს”, — აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
მათივე თქმით, მმართველი პარტიის მსხვილ დამფინანსებლებს შორის იყო შპს პეის ჯორჯიას მფლობელიც. TI-ს ინფორმაციით, ეს კომპანია ფოთის პორტის გაფართოების პროექტს ახორციელებს. 2020 წელს ფოთის პორტის გაფართოების მიწათსარგებლობის ნებართვის მიღებიდან სამ თვეში კომპანიის მეწილეებმა — ირაკლი და თეიმურაზ კერვალიშვილებმა, ლაურა ლარიონმა და ირაკლი თათეიშვილმა ქართულ ოცნებას ჯამში 200 000 ლარი შესწირეს.
“სხვადასხვა წელს ამ პირებს სულ 670 000 ლარის პოლიტიკური შემოწირულება აქვთ განხორციელებული. ტენდერების გარდა, მმართველი პარტიის შემომწირველი ფიზიკური პირების კომპანიები გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვების მიმღებებიც არიან. კერძოდ, 2020 წელს დაახლოებით 11,7 მლნ ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა დაახლოებით 2,8 მლნ ლარი გაიღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ. აღსანიშნავია შპს Weekend, რომლისგანაც ჯანდაცვის სამინისტრომ 2020 წლის 6 აპრილს 1 329 680 აშშ დოლარის (იმ დროისთვის დაახლოებით 4,2 მლნ ლარის) ღირებულების სამედიცინო მოწყობილობები შეისყიდა. 2020 წელს შპს „Weekend”-ის მფლობელმა ბონდო გოლეთიანმა და მისმა სამმა ბიზნესპარტნიორმა 30 ოქტომბრიდან — 2 ნოემბრამდე ჯამში 125 000 ლარი გაიღეს ქართული ოცნებას სასარგებლოდ”, — აცხადებს TI.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ წელს ქართულ ოცნებას დიდი თანხებით აფინანსებს. მათივე დაკვირვებით, ყველა ასეთ ჯგუფს ის ახასიათებს, რომ მასში შემავალი პირების დიდი ნაწილი ერთსა და იმავე დღეს ან რამდენიმე დღის შუალედში წირავს მმართველ პარტიას თანხას, რაც წინასწარ შეთანხმებულ ქმედებას გავს.
“ასეთ ჯგუფებს შორის, პირველ რიგში, აღსანიშნავია ბიძინა ივანიშვილთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული პირები, რომლებიც 2011 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა წლებში სტაბილურად სწირავენ ქართულ ოცნებას. 2020 წელს ივანიშვილთან დაკავშირებულმა 22 პირმა ჯამში 634 300 ლარი გაიღო მმართველი პარტიის სასარგებლოდ. იგივე პირებს 2011 წლიდან 3 მლნ ლარზე მეტი პოლიტიკური შემოწირულება აქვთ გაკეთებული. ამ ჯგუფთან დაკავშირებულმა შპს ზიმომ, 2020 წელს 9 მლნ ლარამდე ღირებულების სახელმწიფო ტენდერები მოიგო”, — ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ანგარიშში.
TI-ს თანახმად, მმართველი პარტიის მეორე ტრადიციულად მსხვილი დამფინანსებლების ჯგუფი შპს ლილო-მოლთან არის დაკავშირებული. 2020 წელს ამ კომპანიის მფლობელებმა და მათმა ბიზნესპარტნიორებმა ქართული ოცნებას სასარგებლოდ ჯამში 595 000 ლარი გაიღეს. ორგანიზაციის მიხედვით, იგივე პირებს სხვადასხვა წელს 2 მლნ ლარზე მეტი აქვთ პოლიტიკური სუბიექტებისთვის შეწირული.
“კიდევ ერთ ასეთ ჯგუფში შპს “ბომბორა და ბავშვებთან” პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირები შედიან, რომლებმაც 2020 წელს მმართველ პარტიას ჯამში 255 000 ლარი შესწირეს. მმართველი პარტიის მსხვილ დამფინანსებლებს შორის იყვნენ შპს პეის ჯორჯიას მფლობელებიც. ეს კომპანია ფოთის პორტის გაფართოების პროექტს ახორციელებს. 2020 წელს ფოთის პორტის გაფართოების მიწათსარგებლობის ნებართვის მიღებიდან სამ თვეში კომპანიის მეწილეებმა — ირაკლი და თეიმურაზ კერვალიშვილებმა, ლაურა ლარიონმა და ირაკლი თათეიშვილმა ქართულ ოცნებას ჯამში 200 000 ლარი შესწირეს. საბანკო სესხის აღების შესაძლებლობით, წინა წლების მსგავსად, კვლავ მხოლოდ მმართველმა პარტიამ ისარგებლა. კერძოდ, ქართულმა ოცნებამ 20 ოქტომბერს ლიბერთი ბანკისგან 1 მლნ ლარის ოდენობის სესხი აიღო”, — აცხადებს TI.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს თანახმად, პარტიების მიერ გაღებული ხარჯები ასე გადანაწილდა:
- კვლევის ფარგლებში შესწავლილმა 8 პოლიტიკურმა სუბიექტმა 2020 წელს სულ 60 267 443 ლარის ოდენობის ხარჯი გაწია, რომლის 49% — 29 817 933 ლარი მმართველ პარტიაზე მოდიოდა, 7 995 487 ლარის ხარჯით მეორე ადგილზე იყო ლელო, მესამეზე კი — ენმ-ში შემავალი პარტიები 7 818 767 ლარით;
- პარტიებმა ყველაზე დიდი ხარჯები შემდეგ კატეგორიებზე გასწიეს: ა) რეკლამა, ბ) შრომის ანაზღაურება, გ) უძრავი და მოძრავი ქონების იჯარა, დ) ოფისის ხარჯები, ე) ყრილობების თუ სხვა ღონისძიებების ორგანიზების ხარჯები, ვ) სანოტარო, საკონსულტაციო, თარჯიმნის მომსახურების ხარჯები;
- სარეკლამო ხარჯებმა ჯამური ხარჯების არსებითი ნაწილი (59%) შეადგინა და მისმა ოდენობამ 32 მლნ ლარს გადააჭარბა;
- მმართველმა პარტიამ რეკლამაზე 14 387 881 ლარი დახარჯა, რაც ყველა პარტიის სარეკლამო დანახარჯების 45% იყო. 5 177 163 ლარით მეორე ადგილზე პარტია ლელო იყო, ხოლო მესამეზე — ბლოკ ენმ-ში შემავალი პარტიები 4 453 857 ლარით; აღსანიშნავია, რომ წილობრივად ყველაზე მეტი — მთლიანი წლიური შემოსავლის 92% (211 633 ლარი) — რეკლამაზე პარტიამ ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები დახარჯა, მეორეზე კი 76%-ით (2 473 162 ლარი) ბლოკ სტრატეგია აღმაშენებელში შემავალი პარტიები იყვნენ. შედარებისთვის, მმართველმა პარტიამ რეკლამაზე საკუთარი მთლიანი წლიური ხარჯების 48% გაწია;
- წინა წლების მსგავსად, რეკლამის კატეგორიებს შორის ყველაზე დიდ თანხას პარტიები სატელევიზიო რეკლამაზე ხარჯავდნენ, მხოლოდ ერთ პარტიას ქართული ოცნებას ჰქონდა გარე რეკლამაში უფრო მეტი დახარჯული, ვიდრე სატელევიზიო რეკლამაზე. მმართველი პარტიის მიერ გარე რეკლამაში დახარჯული თანხები ამ ტიპის რეკლამაში სულ დახარჯულის 64%-ს (6 155 608 ლარი) შეადგენდა.
რაც შეეხება ფინანსების გამჭვირვალობასა და მასზე ზედამხედველობას, TI-ს თანახმად:
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის მიხედვით, ამ უწყებამ 2020 წელს საარჩევნო პერიოდში: შემოსავლების სამსახურიდან 1 714 ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია;
- დამატებითი განმარტებებისთვის 5 პირი დაიბარა გასაუბრებაზე;
- 161 შემომწირველ ფიზიკურ პირს გაუგზავნა წერილობითი მოთხოვნა შემოსავლების შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით;
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საარჩევნო პერიოდში სულ დაიწყო 13 საქმის წარმოება, აქედან სამართალწარმოება დასრულდა 10 საქმეზე, რომლებზეც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და სასამართლოს მიერ მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის, მთლიანობაში გამოწერილია დაახლოებით 43,000 ლარის ჯარიმა;
- ასეთ საქმეთა შორის არ მოხვდა პარტიების მიერ დეკლარირებულ შემოწირულებებთან დაკავშირებული პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო შემთხვევები, რომელთა შესწავლის კუთხით სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სხვა წლების მსგავსად, არაეფექტიანი იყო.
- https://on.ge/