ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე წერს.
აღნიშნულით ის, საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მშპ-სა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ეხმაურება:
“არ დაიჯეროთ! ციფრებით ჟონგლიორობენ! – საქსტატის ოფიციალური მონაცემებით 2021 წლის აპრილში გვაქვს 44.6%-იანი მშპ-ს ზრდა. ასევე, 2021 წლის იანვარი – აპრილი 8.1%-ანი ეკონომიკის ზრდა. ამ ამბავს დიდი ზარ-ზეიმით გახარებენ და არ დაიჯეროთ‼️ რეალურად ეს მონაცემი არის შედარება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან, ანუ პანდემიის დასაწყისთან და სრულ ლოკდაუნთან, როდესაც ეკონომიკური ვარდნა გვქონდა 16.9 %‼️ საბაზისო (შესადარებელი პერიოდი) უნდა იყოს 2019 წელი, რომელთან შედარებითაც:
1. მოსახლეობას ცხოვრება გაუძვირდა 40%-ით.
2. სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა დამატებით 70 000 ადამიანზე მეტი.
3. მოსახლეობას შეუმცირდა შემოსავალი საშუალოდ 30%-ით.
4. ლარი გაუფასურების რეკორდზე გავიდა.
5. სამომხმარებლო კალათაზე, სურსათზე, საწვავზე და ძირითად მომსახურებასა და საქონელზე ფასებმა მოიმატა საშუალოდ 40%-ით.
P.S. არ დაუჯეროთ არავის, გამოაღეთ მაცივრის კარი, გადაავლეთ თვალი უახლოეს სუპერმარკეტში სურსათის ფასებს, გადათვალეთ ბოლო 1 წლის განმავლობაში თქვენი შემოსავალი, დააკვირდით საწვავის და ვალუტის კურსის ტაბლოებს და შემდეგ შეიგრძენით 44.6% – იანი ეკონომიკური ზრდა”,- წერს აბესაძე.