დღეს მსოფლიოში გარემოს დაცვის დღე აღინიშნება. ევროკომისიამ ე.წ. ევროპული მწვანე შეთანხმება – ევროპის განვითარების ახალი სტრატეგია შეიმუშავა.
ინიციატივა მომავალში გარემოს ნულოვან დაბინძურებას, ხელმისაწვდომ და უსაფრთხო ენერგიას გულისხმობს. სტრატეგიას ევროკავშირი საქართველოსაც გაუზიარებს.
“ჩვენ მიზნად 30 წელიწადზე ნაკლებ დროში ევროკავშირის ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მიერ გარემოზე საკუთარი უარყოფითი ზემოქმედების აღმოფხვრა დავისახეთ. იმედი მაქვს, რომ ამ ამოცანების შესრულებას დაბინძურებასთან, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენებთან ეფექტიანად ბრძოლით, ენერგიის მდგრადი წყაროების გამოყენებისა და მრავალი სხვა ხერხით შევძლებთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ “ევროპულ მწვანე შეთანხმებას” ვუწოდებთ. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და საამაყოა, რომ შეგვიძლია ცოდნა და გამოცდილება ჩვენს ახლო პარტნიორს – საქართველოს – გავუზიაროთ,”- აღნიშნავს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი.