უხერხულია ბიძინა ივანიშვილზე ამის თქმა…ეს არის ნაცური ნარატივი– მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა.

„მათი მხრიდან ჭორაობაზე საუბარი ძალიან უხერხულია, როცა საკუთარ საარჩევნო კამპანიას და გეგმებს ჭორზე აგებენ. უხერხულია იმაზე საუბარი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ განცხადებით პოლიტიკაში დაბრუნდა, ეს არის ნაცური ნარატივი. გიორგი გახარიას პრემიერის პოზიცია ეჭირა და როცა იყო გუნდისთვის კრიტიკული მომენტი, მისი გადაწყვეტილება იყო ამ გუნდის ღალატი. მის თანაგუნდელებს ვურჩევ, ერთმანეთისგან გაარჩიონ პოლიტიკური განცხადებები, თუნდაც, ძალიან სწორი პოლიტიკური განცხადებები და კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდება. თუ ამას გაითვალისწინებენ, პროკურატურაში აღარ გაიქცევიან და განცხადებების წერა არ მოუწევთ. დროა, პოლიტიკაში ამბიციები თუ გააჩნიათ, პოლიტიკური შეფასება და ბრალდება სისხლის სამართლის დანაშაულზე ერთმანეთისგან გაარჩიონ. ორი ვერსიაა სულ, ან გიორგი გახარიას და მის თანაგუნდელებს ძალიან სურთ, რომ რამდენიმე დეპუტატი გაიყვანონ რამდენიმე საკრებულოში, ან უნდა დავიჯეროთ, რომ მათი მისიაა, „ქართული ოცნება” 43 პროცენტს ჩამოაცილონ და იპარაზიტონ „ქართული ოცნების” ხმებზე. ამას აკეთებდნენ ნაკლები წარმატებით. მათი წარმომადგენლები სხვადასხვა რაიონში დადიოდნენ და ავრცელებდნენ ჭორებს, რომ თითქოს, ისინი ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნება 2-ს”-წარმოადგენდნენ. მათი ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ რამენაირად „ქართული ოცნება” 43 პროცენტს მიუახლოვონ ან ჩამოაცილონ. ეს ვის ინტერესებში ჯდება, ხალხი იფიქრებს. მარტივი ამბავია ეს, რომელსაც ყველა შიფრავს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ იმ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა, რასაც სამწუხაროდ, ეს ხალხი მისი სახელით აკეთებდა“

რატომ ინება უხერხული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბარი, ეს მამუკა მდინარაძეს არ დაუკონკრეტებია.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, თებერვალში გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდისა და სახელმწიფოს ღალატი.

მთავარი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share