“ქართული ოცნების”ლიდერმა ირაკლი კობახიძემ მარნეულში მომხდარ ინციდენტებზე საუბრისას თქვა, რომ მალე ვიხილავთ “ადამიანებს გისოსებს მიღმა”. მანვე მოუწოდა სამართალდამცველებს, არც ერთი სამართალდარღვევა არ დარჩეს დაუსჯელი. ქართული ოცნება მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას ოპოზიციის პროვოკაციას უწოდებს და პასუხისმგებლობას ნაციონალურ მოძრაობას აკისრებს.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს-ხვალ უკვე ვიხილავთ ადამიანებს გისოსებს მიღნმა. ამ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება პროვოკაციები, ამაში დარწმუნებული ვართ. დამძიმდება კიდეც უფრო მეტად”, – თქვა კობახიძემ.
მარნეულში გუშინ, 29 სექტემბერს რამდენიმე ინციდენტი მოხდა. თავდაპირველად თავს ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაესხნენ. მოგვიანებით მთავარი არხის 4 თანამშრომელს, მათ შორის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, თავს დაესხნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც. მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.