ყირგიზი ბავშვები ველზე მუშაობისას
https://www.radiotavisupleba.ge/
გაეროს მონაცემებით, ბოლო 20 წელიწადში ბავშვთა შრომაში ჩაბმულ ბავშვთა რიცხვი პირველად გაიზარდა. 10 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კორონავირუსის პანდემია საფრთხის ქვეშ აყენებს კიდევ მილიონობით ბავშვს.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციიის (ILO) და გაეროს ბავშვთა სააგენტოს (UNICEF) ერთობლივ ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ ბავშვების რიცხვი, რომლებიც ბავშვთა შრომაში არიან ჩაბმული, გაიზარდა 160 მილიონამდე, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 8,4 მილიონით ზრდას ნიშნავს.
UNICEF-ის აღმასრულებელ დირექტორმა ჰენრიეტ ფორმა თქვა, რომ „ბავშვთა შრომასთან ბრძოლაში პოზიციებს ვკარგავთ და ბოლო წელიწადს ეს ბრძოლა არ გაუიოლებია“. გლობალური შეზღუდვების, სკოლების დახურვის, ეკონომიკური რყევების და ეროვნული ბიუჯეტების შემცირების გამო ოჯახებს უწევს სულისშემძვრელი არჩევანის გაკეთება, ასკვნიან ანგარიშის ავტორები, რომლებიც გამოთქვამენ გაფრთხილებას, რომ თითქმის ყოველი მეათე ბავშვი ბავშვთა შრომით არის დაკავებული და რომ მთელი თაობის ჯანმრთელობა, განათლება და კეთილდღეობა არის საფრთხის ქვეშ.
განსაკუთრებით ბევრი ბავშვი მუშაობს საჰარის სამხრეთ აფრიკაში, მაგრამ, ანგარიშის თანახმად, კორონავირუსის გავრცელებამ საფრთხე შეუქმნა ამ მხრივ აზიის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს. მართალია, ბავშვთა შრომაში ჩაბმული ბავშვების პროცენტული რიცხვი იგივე დარჩა, როგორც ეს 2016 წელს იყო, მოსახლეობის რიცხვის ზრდა ნიშნავს, რომ იზრდება შრომით დაკავებული ბავშვების რაოდენობაც.