2021 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მოსახლეობა ელექტროენერგიას ახალი კომპანიებისგან მიიღებს. თბილისის მაცხოვრებლებისთვის ეს იქნება კომპანია “თელმიკო”, დანარჩენი რეგიონების მაცხოვრებლებისთვის კი – “ეპი ჯორჯია”. ამის შესახებ bm.ge წერს.
ეს ცვლილება ქვეყნის ენერგეტიკაში მიმდინარე რეფორმებით არის განპირობებული. კანონით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ელექტროენერგიის განაწილების და მიწოდების საქმიანობები. შესაბამისად, თუკი აქამდე დენის მიწოდებასაც და განაწილებასაც ერთი და იგივე იურიდიული პირი უზრუნველყოფდა, ახლა ეს საქმიანობა გამიჯნულია.
ამის გამო, “თელასმა” და “ენერგო პრო ჯორჯიამ” დააფუძნეს ახალი კომპანიები, რომლებიც უშუალოდ დენის მიწოდების საქმიანობას განახორციელებენ.
ცვლილება ელექტროენერგიის მიწოდების ბაზარზე დივერსიფიკაციისკენ არის მიმართული, თუმცა თავდაპირველ ეტაპზე მომხმარებელი დენს მხოლოდ ამ კომპანიებისგან მიიღებს, შემდგომში კი ბაზარზე შესაძლოა ახალი მიმწოდებლებიც გამოჩნდნენ.“თელასისა” და “ენერგო პრო ჯორჯიას” სალიცენზიო არეალებში დასახელდა უნივერსალური მომსახურების და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი, რომელიც 2021 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის პირველ იანვრამდე იფუნქციონირებს. “თელმიკო” იქნება თბილისში მიმწოდებელი და “ეპი ჯორჯია” იქნება თბილისის გარეთ,” – პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა.
სემეკის ინფორმაციით, მარეგულირებელმა 1 ივლისამდე უნდა განსაზღვროს ამ კომპანიებისთვის დენის მიწოდების ტარიფი, თუმცა ახალი ტარიფი მოქმედი ტარიფის იდენტური იქნება და ის მომხმარებლისთვის არაფერს შეცვლის.
http://www.resonancedaily.com/