როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვაშინგტონში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უსაფრთხოებასა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებენ.
„ძალიან მნიშვნელოვანი და რაც ყველაზე მთავარია სასარგებლო შეხვედრები გაიმართება ვაშინგტონში ყველა დონეზე, იქნება ეს კონგრესი, სენატი, უშიშროების საბჭო თუ სახელმწიფო დეპარტამენტი. ამის გარდა, ძალიან ბევრი შეხვედრა იქნება იმ ადამიანთან, თუ ორგანიზაციასთან, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებს ამერიკის ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში.
უკანასკნელი წლების განმავლობაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ მსგავსი ვიზიტი არ ჰქონია ვაშინგტონში. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩემთვის, როგორც არჩეული პარტიის თავმჯდომარისთვის პირველი შეხვედრაა ამ რანგის და მინდა მათ იცოდნენ ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა და გეგმები. რა თქმა უნდა, რაზეც მეტად უნდა ვისაუბრო, ვიდრე საკუთარი პარტიაა, არის ამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, უსაფრთხოება, რეგიონში შექმნილი უმძიმესი ვითარება და კიდევ უფრო გაღრმავდეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს, როგორც არასოდეს…
…ძალიან მაღალი მოლოდინით ვარ. ვფიქრობ, ვაშინგტონში 10 – დღიანი საკმაოდ დატვირთული ვიზიტი უკვალოდ არ ჩაივლის, ეს კვალი უახლოეს მომავალში დაეტყობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს განვითარებას. კარს მომდგარ არჩევნებზეც იქნება, რა თქმა უნდა, საუბარი.
მნიშვნელოვანია ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა საერთაშორიოს თანამეგობრობამ, როგორც არასდროს იმდენად მაღალი ხარისხის ყურადღება მიაპყროს ოქტომბრის არჩევნებს“,-აღნიშნავს მელია.