bpn.ge რამდენიმეთვიანი გაძვირების შემდეგ ზეთის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის ფასები იკლებს.
რუსეთში მზესუმზირის ზეთზე როგორც შიდა, ისე საექსპორტო ფასების შემცირების ტენდენცია უკვე რამდენიმე კვირაა, შეინიშნება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კვირის განმავლობაში ივლისისთვის მიწოდების ფასის კლებამ ტონაზე 45 აშშ დოლარი შეადგინა, თვის განმავლობაში კი ტონაზე ფასი 320 აშშ დოლარით დაეცა.
რუსეთში ზეთის გაიაფება მეტ-ნაკლებად აისახა ქართულ ბაზარზეც. როგორც კომპანია ,,ბარაქას“ ხელმძღვანელი, გურამ ბროძელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ძველ ნიშნულს ფასი შესაძლოა, უკვე სექტემბერში დაუბრუნდეს.
„ბოლო პერიოდში რუსეთიდან იმპორტირებულ ზეთზე ცალსახად კლების ტენდენციაა, რაც ასახულია ქართულ ბაზარზეც. ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, რომ ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს პროდუქტის ფასი. ამას, მხოლოდ სექტემბრის ბოლოსთვის ველოდებით, როცა რუსეთი სრულად აიღებს და გადაამუშავებს ახალ მოსავალს“ – განაცხადა ბროძელმა.
როგორც ცნობილია, საქართველოში მზესუმზირის ზეთის მთავარი იმპორტიორი რუსეთია, შესაბამისად, იქ არსებული ფასები პირდაპირ აისახება ქართულ ბაზარზე. რაც შეეხება კონკრეტულად სტატისტიკას, წელს იანვარ-აპრილში საქართველომ სულ 13 324 ტონა ზეთის იმპორტი განხორციელდა (18,957 მლნ დოლარი), აქედან რუსეთის წილი იყო 88,8%, ანუ 11 831 ტონა (16,8 მლნ დოლარი). დანარჩენი იმპორტიორი ქვეყნები კი იყვნენ – აზერბაიჯანი, უკრაინა, თურქეთი და ა.შ.