„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით გურიაში, კონკრეტულად ურეკის პოლიციაზე თავდასხმა მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევამდე, პოლიციელებმა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს შენიშვნა მისცეს. ვითარება დაიძაბა და სამართალდამცველებმა ერთი ახალგაზრდა დააკავეს.
ცოტა დაუჯერებლად ჩანს, მაგრამ ჩვენი წყაროს ცნობით, ამის შემდეგ დაკავებულის ახლობლები ურეკის პოლიციის ოფისში მივიდნენ, სამართალდამცველებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაკავებული მეგობარი გაათავისუფლეს, მასთან ერთად პოლიციის შენობა დატოვეს.
ჩვენი ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია პოლიციაზე თავდამსხმელთა დასაკავებლად. ბოლო ცნობებით, დაკავებულია ათამდე ახალგაზრდა, მათ შორის ის, ვინც მეგობრებმა გაათავისუფლეს. რამდენიმე პირის მიმართ ძებნის ოპერაცია ახლაც მიმდინარეობს.
„გურია თუდეი“ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს. გურიის პოლიციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა არც ჩვენს ზარს უპასუხა და არც სმს შეტყობინებას. შსს-ს ცხელ ხაზზე უწყების პრესსამსახურის ნომერი მოგვცეს, სადაც არავინ გვიპასუხა. კომენტარის მიღებისთანავე, ჩვენ მას ოპერატიულად შემოგთავაზებთ.