სანქციები ეს მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია, ძალიან იმედგაცრუებულები ვართ – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. ის გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აღნიშნული პროცესი უნდა შეჩერებულიყო 19 აპრილს შარლ მიშელის დოკუმენტის პირობების მიხედვით.
“სანქციები ეს მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია. თქვენ ნახეთ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახელმწიფო მდივნის განცხადებებში, რომ ჩვენ ვართ ღრმად იმედგაცრუებულები.
საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეების დანიშვნა შეჩერდებოდა ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე, რაც ჯერ არ განხორციელებულა და სწორედ ამიტომ ვართ იმედგაცრუებულები ამ მოსამართლეების დანიშვნით. პარლამენტს შეეძლო დაეპაუზებინა ეს პროცესი.
აშშ-ის მთავრობის, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებული განცხადებები, ნაჩქარევად გაკეთებული არ არის. ეს არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოგზავნილი შეშფოთების გამომხატველი გზავნილები, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას განხილული და არ უნდა იქნას უგულვებელყოფილი, როგორც ნაჩქარევად გაკეთებული განცხადებები”,- აცხადებს ელჩი.
შეერთებული შტატები შეშფოთებულია 12 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატის დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ოფიციალური წერილის მიხედვით, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების შუამავლობით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით, 19 აპრილის შეთანხმებით, ხელმომწერებმა აღკვეთეს უზენაესი სასამართლოსთვის „ყველა მიმდინარე დანიშვნა“ ფართო, ინკლუზიური და მრავალპარტიული რეფორმების პროცესში „ამბიციური სასამართლო რეფორმის“ დასრულებამდე.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება, მათ შორის უზენაესი სასამართლოს დანიშვნების შეჩერებით. ამაზე შეთანხმდნენ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, მმართველი პარტიის ჩათვლით. ამის შეუსრულებლობა კიდევ უფრო შეარყევს ქართველი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ და საფრთხეს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმების შეუსრულებლობამ შეიძლება, ინვესტორთა ნდობა შეასუსტოს და საქართველოს პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტების მდგრადობა შეამციროს“, – წერია განცხადებაში.
შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „აღადგინონ თავიანთი ერთგულება დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი და ამავდროულად, განაახლონ პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან“.