მწერალი და მუსიკოსი, ტორესა მოსი ქვეყანაში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის უმოქმედობაზე წერს და მათ რამდენიმე კითხვით მიმართავს:
“მე არ ვარ პოლიტიკოსი, მუსიკოსი და მწერალი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი შეგნებული ცხოვრება, 16 წლიდან, ყოველთვის აქტიურად ვადევნებდი თვალს პოლიტიკურ პროცესებს და როცა საჭიროდ ვთვლიდი, სამოქალაქო აქტივიზმშიც აქტიურად ვერთვებოდი სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად, პოლიტიკა არაა ჩემი სააზროვნო სივრცე. ამიტომ რასაც ვამბობ არის ჩემი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის გულწრფელი რეაქცია იმაზე, რაც ხდება, იმაზე, რაც არ მომწონს და იმაზე რაც ჩემთვის ფუნდამენტურ პრინციპებს და ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
ჰოდა, რა მინდა მე, რიგით მოქალაქეს, რომელიც ყოველთვის გამონაკლისის გარეშე მივდივარ არჩევნებზე, ყოველთვის, როცა პროტესტი მიჩნდება, გამოვდივარ, ზოგჯერ თავადაც ვაორგანიზებ სხვა ჩემნაირ მოქალაქეებთან ერთად ამა თუ იმ აქტივობას?
ჩემთვის გასაგებია მედია რასაც ითხოვს. მედიას არ აქვს პოლიტიკური მიზნები, ჟურნალისტები ვერ შემოგვთავაზებენ ალტერნატივას, ჟურნალისტებს შეუძლიათ გამოხატონ პროტესტი და მოითხოვონ დამნაშავეების დასჯა. ისინი ამას აკეთებენ, მაგრამ ჩემთვის, რიგითი მოქალაქისთვის გასაგებია, რომ ეს ვერ შეცვლის ჩემ ცხოვრებას, ჩემი ცხოვრების შეცვლა შეუძლია მხოლოდ ფუნდამენტურ ცვლილებას, რომელიც შეუძლებელია მოხდეს პოლიტიკის გარეშე.
აი ამ ნაწილში კი სრულიად გაუგებარია რას აკეთებს ოპოზიცია? ახლა, როცა ცხადია, რომ ხელისუფლებას არ აქვს ლეგიტიმაცია, როდესაც ცხადია, რომ ხელისუფლება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის და ამის გაკეთებას ნებისმიერ ფასად აპირებს, გაუგებარია რას ელოდება ოპოზიციური სპექტრი. ახლა, როცა ყველა ჩვენი მთავარი პარტნიორი ამბობს, რომ 19 აპრილის შეთანხმება ხელისუფლებამ დაარღვია, უბრალოდ არ მესმის ოპოზიცია რას აპირებს. აპირებს თვითმმართველობის არჩევნებზე გავიდეს? სერიოზულად?
მე არ ვიცი, მაგრამ ასე მგონია, რომ ოპოზიციამ უნდა მაჩვენოს მინისტრთა კაბინეტი. უნდა დამანახოს კონკრეტულად ვის უპირისპირებს არსებულ მთხლეებს? აი ჯერ აგვირჩიეთ და მერე გეტყვით ვის დავნიშნავთ გომელაურის ადგილას, წულუკიანის ადგილას, ტიკარაძის ადგილას და ა.შ. არ გამოდის. დასხედით მოლაპარაკების მაგიდასთან და დაგვანახეთ ალტერნატივა. დღეს შეთანხმდით, რადგან ზეგ თქვენი შეთანხმების არავის აღარ გვჯერა.
ხალხი არ გამოდისო. რას ელოდებით ჩვენგან? გამოვიდეთ, რევოლუცია მოვაწყოთ და მერე გვეტყვით თქვენ როგორ გაიყოფთ სკამებს? ჯერ თქვენ გამოდით, დაგვანახეთ რა გინდათ, დაგვანახეთ კონკრეტულად ვის გვთავაზობთ ალტერნატივად, გვითხარით რას გააკეთებთ პირველ ას დღეში, კონკრეტულად გვითხარით რას გააკეთებთ. მერე იქნებ იმდენი ხალხი გამოვიდეს რომ ვერც დათვალოთ?
ახლა უნდა გაიაზროთ, რომ ქართული ოცნების მხილება, კიდევ ერთხელ იმის მტკიცებულებების მოტანა, რომ ხელისუფლება კორუმპირებულია, საქმეს არ აკეთებს, რა აზრი აქვს? ახლა გგონიათ, რომ არსებობს ქართული ოცნების ამომრჩეველი, რომელიც ახლა აღმოაჩენს ესენი ვინ ყოფილან? ვერც ერთ დამატებით ხმას ვეღარ აკრეფთ. ყველასთვის ყველაფერი გასაგებია, სიგიჟეა ერთი და იგივეს ტკეპნა, ალტერნატივა გვჭირდება. კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული სახელებით და გვარებით”-წერს ტორესა მოსი.