გირჩის ერთერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი შარლ მიშელის შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ შეხვედრაზე მიშელთან ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებაზე იწუწუნა.
“მარტივი შეხვედრა იყო. ბატონ პრეზიდენტს, ძირითადად, ჩვენ მოვუყევით, ვეწუწუნეთ ჩვენს გაჭირვებაზე. ალბათ, ყველა პარტიამ იმ კუთხით მოვუყევით თვითონ, რაც გვაწუხებდა. საბოლოო ჯამში, ბატონი მიშელი დახმარების გაგრძელებას დაგვპირდა. მე გპირდებოდით და თქვენ შეიძლება არ გჯეროდათ, მაგრამ აქ, აი, მესამედ ვარო.
გარკვეულწილად, დახმარების გაგრძელებას დაგვპირდა ისევე, როგორც დასავლეთის ნამდვილ პარტნიორს სინამდვილეში შეეფერება. პირადად მე, შემიძლია ჩემს თავზე გითხრათ. მე ვეწუწუნე ორ დიდ პარტიაზე, ნაციონალურ მოძრაობაზე და ქართულ ოცნებაზე, რომლებიც ერთმანეთთან ჩხუბის და პოლარიზაციის გამო საშუალებას არ გვაძლევენ, სხვებისთვის მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბროთ. თუმცა, არ მგონია, რომ ეს მისთვის დამალული ინფორმაცია იყო”,- ამბობს მეგრელიშვილი.
შეგახსენბთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში 18 ივლისს ჩამოვიდა. პოლიტიკური შეხვედრების პარალელურად ის ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია” მიიღებს მონაწილეობას.