დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც უნდა დაწესდეს. მისივე თქმით, თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დააყენებენ.
“დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეშიც დაწესდეს პირბადესთან მიმართებაში რეკომენდაცია. საკოორდინაციო შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და ალბათ შესაბამისი ცვლილებები შევა განკარგულებაში”, — განაცხადა გამყრელიძემ.
NCDC-ის ხელმძღვანელმა, ასევე, აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახლა ისეთი ეპიდვითარებაა, როგორიც მესამე ტალღის პიკის დროს იყო. გამყრელიძის თქმით, საქართველო ყველა ინდიკატორით წითელ ზონაშია.
20 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 880, ხოლო გარდაიცვალა — 26 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 36 375 კვლევა ტესტით, მათ შორის, 22 825 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 550 PCR ტესტით.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 390 945-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 367 130-მდე, ხოლო ვირუსს ჯამში 5 592 პირი ემსხვერპლა.