” 2 საათია ვრეკავ 112 ში – დამცინის მორიგე “მანქანა არ გყავსო” – რატომ არ ემსახურება მძიმე პაციენტებს სასწრაფო?”

სანამ თქვენთან არ დავრეკე, არაფერი არ მოხდა საერთოდ, მანამ ყურადღება არ მოგვაქცია არავინ. ე.ი. უნდა მოკვდეს ადამიანი და მერე მოგვხედავენ?  ერთი თვეა ჯერ მარტო იმაზე ვბრძოლობ, რომ  საჭირო წამლები დაუნიშნონ. არ გაღირსებენ არაფერს. ეს როგორ შეიძლება, გაგვისკდა გული რა. არ შეიძლება მოძრაობა-მეთქი ვეუბნები და ორი დღეა მაწვალებენ, რომ დიალეზზე გადაიყვანონ. ხომ აქვთ ჯანდაცვა გადასარევი არა? ამ მოტივით ხომ გამოაშვებინეს ჩვენი თავი გერმანიიდან? აი, გაგვცენ ახლა პასუხი. სანამ არ შევაწუხე ყველა და  ჟურნალისტებს არ დავურეკე, მანამ არავინ გამოჩნდა პასუხის გამცემი. ცხელ ხაზზე რამდენჯერ დავრეკე და ესენი მეუბნებიან, ჩვენ არ გვევალება საავადმყოფოში გადავიყვანოთო. კაცმა, საჭირო წამლები რომ ვერ მიიღო, მეორე სართულიდან გადმოვარდა. ბარძაყის ძვალი მოიტეხა, ძვლივს გადავარჩინეთ. აუტანელი ტკივილები აქვს გესმით ხალხო“?-ამბობს „გურიის მოამბესთან“ ლიკა მძინარიშვილი, რომლის მეუღლეც მძიმე ავადმყოფია და ექიმების მუდმივ ყურადღებას საჭიროებს.

ალეკო ლომინაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში ცხოვრობს.

ის, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფებოდა. ერთი თვის წინ საქართველოში დაბრუნდა, მისთვის საჭირო მკურნალობის ვერც დროულად და ვერც შესაბამისად ჩატარების გამო კი, ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო მეტად დაუმძიმდა.

მისი მეუღლის თქმით, ერთი თვეა ვერა და ვერ მიაღწიეს ჯანდაცვის სამინისტროდან პაციენტისთვის საჭირო მედიკამენტების მიღებას: „ტრამადოლი და ლირიკა დაუნიშნეს გერმანიაში, იმიტომ, რომ არის დიალეზზე, აქვს მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ასევე გულის უკმარისობა, პრობლემა აქვს ღვიძლზე, შაქრიანი დიაბეტი და მხედველობის პრობლემა. პირველი ჯგუფის შშმ პირია და ამ წამლების მიღებას ვერ მივაღწიეთ ამდენი ხანი.

ამ ტკივილების გამო, ვერ იძინებდა და ასე ძილბურანში რომ იყო, კაცი გადმოვარდა მეორე სართულიდან. ფეხები დაიმტვრია. ათი დღე ვიწექით ბათუმის საავადმყოფოში“-გვიყვება ლომინაძის მეუღლე.

როგორც თავად ალექსანდრე ლომინაძე გვიყვება, 112-მა ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო  სამსახურს, მხოლოდ მას შემდეგ დართო მისი მომსახურების ნება, როცა ის  ჟურნალისტებთან დარეკვით დაემუქრა, რის შემდეგაც 112-მა მიიღო გადაწყვეტილება და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზე გააგზავნა: „ჩვენ არაფერ შუაშივართ. როცა დაგვირეკეს და მისამართი გადმოგვცეს, 7 წუთში აქ ვიყავით“-გვითხრა სასწრაფოს ექიმმა.

„პირველი ჯგუფის ინვალიდი ვარ ქალბატონო, მჭირდება დიალეზი, მოტეხილი მაქვს ფეხი. ვრეკავ 112-ში მეორე დღეა, რომ მოეგვარებინათ ჩემი დიალეზის ცენტრში დროულად გადაყვანის პრობლემა. 7 სხვადასხვა ნომერზე დავრეკე და ყველა ერთმანეთთან მამისამართებს. 4-ის ნახევარზე უნდა ვყოფილიყავი დიალეზზე და ერთი საათი უკვე დამიგვინდა. ის ქალი 112-ში დამცინოდა-რა არის, მანქანა არ გყავს? თქვენით ვერ მოახერხებ წასვლას? ეს რა საგიჟეთია ხალხო? დილას ტაქსი მომაკითხავდა ქართველ კაცს გერმანიაში, მერე უკან მომიყვანდა, წამლები და მკურნალობა დროული მქონდა და ეს აქ რა ხდება ხალხო? შევარდნაძის დრო იყო, მიშას თუ ბიძინას, ჩვენ ამ ქვეყანაში სული  ვერ მოვითქვით და ამ ქალის (პრეზიდენტის) გადამკიდე აღარც უცხო ქვეყანაში  გვაჩერებენ. ეს სად ვართ, რა გვჭირს“?-გვითხრა ალექსანდრემ.

აღსაღნიშნავია რომ, მსგავსი ტიპის მანიპულაცია, ალექსანდრე ლომინაძეს  კვირაში ორჯერ ესაჭიროება. ამ წუთებში ოჯახისთვის კიდევ ერთი დილემა ისაა, თუ როგორ მოახერხებენ დიალეზის ცენტრიდან პაციენტის უკან, სახლში წაყვანას. ცალკე თემაა ის, თუ როგორ მოხერხდება მისი შემდგომ პროცედურაზე ჩამოყვანა, როცა ადამიანს ორივე ფეხი მოტეხილი  აქვს და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება.

 

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share