აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში „დელტა“ ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო სრულად ვაქცინირებულმა ადამიანებმა მხედველობაში უნდა მიიღონ დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება.
“თუ გსურთ, უსაფრთხოების დამატებითი მილი გაიაროთ, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინირებული ხართ, დახურულ სივრცეებში, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებში, პირბადის ტარების გათვალისწინება დაგჭირდებათ”, – აღნიშნა ფაუჩიმ CNBC- თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, აშშ-ის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევები უფრო მსუბუქია. ამასთან, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ დელტა ვარიანტი ძალიან გადამდებია.
“ეს ვირუსი აშკარად განსხვავდება იმ ვირუსებისა და ვარიანტებისგან, რომელთა გამოცდილებაც ადრე გვქონია. მას ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უჩვეულო შესაძლებლობა აქვს,” – აღნიშნა ფაუჩიმ.
მისი თქმით, ახალი ვარიანტის წარმოქმნის პრევენციისა და უკვე არსებული “დელტა” ვარიანტის დასამარცხებლად ყველაზე იოლი, საუკეთესო და ეფექტური გზა არის ვაქცინაცია.
„აშშ-ში კორონავირუსით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების 99.5%-ი არავაქცინირებულ ადამიანებზე მოდის. ეს არის სტატისტიკა, რომელიც თავისთავად მეტყველებს”, – აღნიშნა ფაუჩიმ.