გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, დასავლეთ საქართველოში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერებთან შეხვედრისას გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს რესურსი სრულად არის მობილიზებული იმისათვის, რომ ღონისძიებები მავნებლის ბიოლოგიის გათვალისწინებით, დროულად ჩატარდეს და ფერმერებმა, ისევე როგორც წინა წლებში, მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი მიიღონ.
„გასული წლის შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ შევძელით, აზიური ფაროსანას გამრავლება-გავრცელება კონტროლქვეშ მოგვექცია. წელს, ფაქტობრივად, მინიმუმამდეა შემცირებული მავნებლის რაოდენობა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ მუშაობას არ ვწყვეტთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფერმერებმა გაითვალისწინეს სპეციალისტების რეკომენდაციები, დაიწყეს ხარისხიანი და მაღალპროდუქტიული ჯიშების შემოტანა“, – აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
დასავლეთ საქართველოში, სიმინდის საყანე ფართობების დამუშავება სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკით, ცივი შესხურების მეთოდით მიმდინარეობს. მავნებლის რაოდენობის იდენტიფიცირების მიზნით, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში მუშაობს მონიტორინგის სისტემა, მონტაჟდება „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები.
დღეისათვის, უკვე დამუშავებულია 16000-მდე ჰექტარი ფართობი.
https://bm.ge/