“ქართული ოცნება” ოზურგეთში, თვითმმართველობის არჩევნების სიის ფორმირებას ასრულებს.
ჩვენი წყაროს თქმით, ღურჯუმელიძე-დარჩიას ტანდემით გაკეთებული სია, რამდენიმე დღის წინ ეჭვქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც თბილისში ჩატანილი და დამტკიცებული კანდიდატების ნაწილმა სიაში ყოფნაზე უარი განაცხადა:
“დარჩიამ და ღურჯუმელიძემ თბილისში, ცენტრალურ ოფისში სია დაამტკიცებინეს და აქ ჩამოსულებმა აღმოაჩინეს, რომ სიაში მყოფების ნაწილს, მათ გუნდში ყოფნა სულ არ სურდათ. უფრო მეტიც, რამდენიმე ადამიანმა ისიც კი არ იცოდა, რომ სიაში იყო” – ამბობს ჩვენი წყარო.
მისივე თქმით, ამის გამო უკვე მერობის კანდიდატობისთვის გამზადებულ ღურჯუმელიძეს პრობლემები შეექმნა. საყვედურის გარეშე არც ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი და მესამე ვადით საკრებულოს თავმჯდომარეობის მსურველი დავით დარჩია დარჩენილა და ორივემ, სასწრაფო წესით, როგორც გურიაში იტყვიან “ფართხა-ფურთხით” დაიწყეს ახალი სიის გაკეთება.
ამ ახალი სიის თანახმად, პირველ ნომრად დავით დარჩიაა, მეორე ნომერი – გიორგი ღურჯუმელიძე, მესამე ნინო ჭანიშვილი, მეოთხე ვლადიმერ ხავთასი, მეხუთე ქეთი ვასაძე.
გამსვლელ სიაშია ნინო ნადირაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” დროინდელი ჩინოსანის, ვანო ტაბატაძის მეუღლე. როგორც გვითხრეს, ნადირაშვილი სიაში ვაჭრობის შედეგად მოხდა:
“ნინო ნადირაშვილი ქალაქში, ზვანის უბანში , დამოუკიდებლად აპირებდა კენჭისყრას. ოცნების “ზონდერ ფალავნად” წოდებული ლელა საჯაიას კონკურენტი უნდა ყოფილიყო და მასთან ვაჭრობა გამართეს. სიაში ჩასმის სანაცვლოდ, კანდიდატურა არ დააყენებინეს” – ამბობს ჩვენი წყარო მმართველი გუნდიდან.
როგორც გავარკვიეთ, თბილისის ოფისში ხელმეორედ ჩატანილ მეოცნებეთა სიაში, ამჯერად, ვერ მოხვდა ხათუნა ცერცვაძე და როზეტა სკამკოჩაიშვილი.
თუმცა, ეს სია, როგორც ჩვენი წყარო ამბობს საბოლოო არაა, რადგან ცენტრალური ოფისიდან, ამჯერად, კანდიდატებთან დეტალებს პირადად ამოწმებენ.
რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს – “ოცნება” ვერც ამ ნაწილზეა ჯერ ჩამოყალიბებული. გადაწყვეტილად ის იციან, რომ ქალაქის ერთ-ერთ უბანში კანდიდატი იქნება ლელა საჯაია. მეორე უბანში, ბავშვთა ექიმ დავით მდინარაძის შვილის, ირაკლი მდინარაძის კანდიდატურას განიხილავენ. რაც შეეხება მესამე უბანს, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ოცნებას ქალაქის მესამე უბნის კანდიდატი ჯერ შერჩეული არ ყავთ.